მოსამართლეთა კონფერენცია

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი აირჩიეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლეთა კონფერენციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აირჩია. ახვლედიანის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას უძღვება, აღნიშნა, რომ ახვლედიანს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია დაემატა.

რუსთავი 2-თან საუბარში ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ მაღალ ნდობას, რომელიც მას 195 ხმით გამოუცხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან აქ ხდება მოსამართლეობის მომავალი კანდიდატების შერჩევა, მომზადება, ასევე მოსამართლეების გადამზადება და სხვა.

მოსამართლეთა კონფერენცია მალე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას იწყებს. თავდაპირველად მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს იმ სამი მოსამართლის კანდიდატურას, რომლებიც უფლებამოსილები იქნებიან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას სასამართლოს კოლეგიის, პალატის თავმჯდომარეობას შეუთავსონ. შემდეგ კი კენჭი ეყრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრს, რომლებიც ვერ შეითავსებენ თანამდებობას.

კენჭისყრა ფარული იქნება და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მეორე ტური დაინიშნოს. კონფერენციაზე მოსამართლეთა ნაწილი დავობს იმაზე, რომ კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებმა არ უნდა იყარონ კენჭი ცალკე კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ადგილის დასაკავებლად.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხ თანამდებობაზე, რომლის წევრებიც რიგითი მოსამართლეები იქნებიან, 21 მოსამართლის კანდიდატურა დასახელდა. 4 მოსამართლის კანდიდატურა დასახელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზე არჩეულ პირებსაც სასამართლო კოლეგიის, ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობის შეთავსების შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები