მოსამართლეთა კონფერენცია

კოჟორიძე: მოსამართლეები კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობენ

მოსამართლე კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეები მათთვის მინიჭებული თავისუფლებებით ვერ სარგებლობენ, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ. ამის დასტურად კოჟორიძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ მოსამართლეებმა მხარი არ დაუჭირეს დღის წესრიგის ცვლილბას და მათ ურჩევნიათ დღეს წესრიგი სხვამ შეუდგინოთ. კოჟორიძემ მოსამართლეები იმ ჩიტებს შეადარა, რომელთაც გალია გაუხსნეს, თუმცა ისინი მაინც არ მიფრინავენ.

"მოსამართლეთა კონფერენციამ ვერ გაითავისა, რომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივ რაღაცაში გამოიხატა. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციას შესთავაზა, რომ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მომზადებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ცვლილებები, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციამ მას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა მარტივია, მოსამართლეთა უმრავლესობას ურჩევნია დღის წესრიგი ვიღაცამ დაუდგინოს და იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, ვიდრე თავად გადაწყვიტოს, რა საკითხებზე, რა თანმიმდევრულობით, რა პრიორიტეტებით იმსჯელოს. გარდა ამისა, მოსამართლეთა უმრავლესობის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოვლინდა იმაში, რომ მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმა, მაგარამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან კენჭისყრის დროს მოსამართლეთა დიდმა უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა," განაცხადა კოჟორიძემ.

კოჟორიძეს თქმით კონფერენციის თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ტენდენციური იყო. კოჟორიძის თქმით, ლოგიკური იყო, როცა დღევანდელ კონფერენციაზე დაისვა საკითხი, ფარული კენჭისყრით ჯერ ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მომხდარიყო და ახლად არჩეულ თავმჯდომარეს წაეყვანა სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ არც ამ შეთავაზებას დაუჭირა მხარი.

 

 

კომენტარები