მოსამართლეთა კონფერენცია

მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ

http://www.blackseango.org/

არასამთავრობო ორგანიზაციები 2013 წლის 9 ივნისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას ეხმაურებიან. ორგანიზაციებმა -საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კონფერენციის სხდომა გამჭვირვალედ ჩატარდა და ის მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

"ჩვენი დაკვირვებით, პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეებს არ შექმნიათ ხელოვნური და არსებითი დაბრკოლებები აზრის გამოხატვის, ნების გამოვლენის, დისკუსიის წარმართვისა და საკითხების დასმის თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებით, კონფერენცია გამოირჩეოდა მოსამართლეთა საკმაოდ მაღალი აქტიურობით. ამასთან, ძირითად საკითხებზე მოსამართლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაწყვეტილება კენჭისყრით მიღოთ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობის წარმომშობ საკითხებს, მათ შორის, კონფერენციის დღის წესრიგსა და წარდგენილი კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობას.

"ჩვენი დაკვირვებით, წარმოდგენილ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობის მიერ ვიწროდ იქნა განმარტებული კონფერენციის, როგორც უმაღლესი თვითმმართველი ორგანოს უფლებამოსილებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ დამსწრეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რიგგრეშე კონფერენციის დღის წესრიგის დამტკიცების უფლება უნდა მინიჭებოდა მოსამართლეთა კონფერენციას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კონფერენციამ, დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უარი თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის უფლებამოსილების გამოყენებაზე. შესაბამისად, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვის დასმა სურდათ, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. მართალია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, კონფერენციას მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა, თუმცა, ზოგადად არჩევნების არსიდან გამომდინარე, რომელიც ამომრჩევლის მიერ კანდიდატის ხედვებისა თუ გეგმების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღების უფლებას გულისხმობს, მიზანშეწონილი იქნებოდა კონფერენციას სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო და თითოეულ მოსამართლეს კანდიდატისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მისცემოდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად რიგი შენიშვნებისა, მოსამართლეთა მე-10 რიგგარეშე კონფერენციის პირველი სხდომა წინგადადგმული ნაბიჯი იყო "სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით".

"მნიშვნელოვანია თითოეულმა მოსამართლემ გაითავისოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების საქმეში. ახალი საკანონმდებლო რეგულაციები დამოუკიდებელი სასამართლო სიტემის შექმნის ფართო შესაძლებლობას თავად მოსამართლეებს ანიჭებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა კორპუსმა შემდგომში უფრო აქტიურად გამოიყენოს კანონით დადგენილი შესაძლებლობები სასამართლო სისტემის  გასაძლიერებლად და მოსამართლეთა რიგგარეშე მე-10 კონფერენციის მეორე სხდომაზეც მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი და ღირსეული წევრების შერჩევით, ხელი შეუწყოს  სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების პროცესს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები