საქართველოს ნაკრები

ყენია: რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, მე ეს ფეხბურთად არ მიმაჩნია

ლევან ყენია
ambebi.ge

ლვოვის კარპატის ფეხბურთელმა, 22 წლის ლევან ყენიამ, რომელიც გუნდმა ტრანსფერზე დააყენა და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, სპორტულ გაზეთ ლელოსთან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ყველაზე საინტერესო, ალბათ, სანაკრებო თემაზე გაკეთებული განცხადებები იყო. თემურ ქეცბაიასა და ლევან ყენიას შორის მომხდარი კონფლიქტი თითქოს ამოიწურა, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთის მისამართით კრიტიკა აღარ ისმოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე სულაც არ ყოფილა. 

2 და 5 ივნისს, საქართველოს ნაკრები ირლანდიასა და დანიაში ადგილობრივ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს მართავდა, ამ შეხვედრებისთვის  ლევან ყენიაც იყო გამოძახებული. ფეხბურთელმა შეკრებაზე ჩასვლა ვერ მოახერხა, მიზეზად კი ქორწილი დაასახელა.

"ექვსი თვის წინ მქონდა ქორწილი დაგეგმილი და ვერ გადავდებდი. ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ოჯახია, ამიტომაც ამ კონკრეტულ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვინც ეს ვერ გაიგო, ცივი წყალი დალიოს".

ირლანდიაში გამგზავრების წინ, პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ პატრიოტიზმის თემა წამოწია - ხალხი სამშობლოსთვის ტანკს უვარდება, ზოგი კი ნაკრებში არ ჩამოდისო...

"ყველამ კარგად იცის, რაც ხდება საქართველოს ნაკრებში და ასეთი ლაპარაკი უკვე სასაცილოდ კი არის. თუ ჩემი მისამართითაა ნათქვამი ქეცბაიას სიტყვები, ასეთ შენიშვნას ნამდვილად ვერ მივიღებ. 18 წლის ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში რომ ვთამაშობდი, მეორე დღეს კი, თუ საჭირო იყო, 19 ან 21-წლამდელთა ნაკრებსაც ვეხმარებოდი. ერთხელ ვერ მოვახერხე ნაკრებში მისვლა და ალაპარაკდა. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის ნათქვამს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. როცა გუნდში უთანხმოებები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ვერ ალაგებს ურთიერთობას ფეხბურთელებთან, ამ ურთიერთობის მოწესრიგების ინიციატივა, პირველ რიგში, მწვრთნელიდან უნდა მოდიოდეს".

ყველაფრის მიუხედავად, ყენია აცხადებს, რომ ნაკრებზე გული არ აქვს აცრუებული, თუმცა მწვრთნელის და დღევანდელი ნაკრების სათამაშო სტილის მიმართ კრიტიკას არ მალავს.

"მე ძალიან მინდა ნაკრებში თამაში, მაგრამ თუ მწვრთნელი აღარ გამომიძახებს, ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო. რასაც ამ წვრთნელის ხელში თამაშობს საქართველოს ნაკრები, მას ბევრი შემტევი ფეხბურთელი არც სჭირდება. ნაკრები ორ თამაშზე ერთი თავდამსხმელით რომ წავა, რა უნდა ვილაპარაკო?! რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, მე ეს ფეხბურთად არ მიმაჩნია - ფეხბურთელში ფეხბურთელი არ ჩანს და ნაკრებში ნაკრები".

ჟურნალისტმა ლევან ყენიას ჰკითხა, თუ რას შეიძლება, რომ ამ ნაკრებმა მიაღწიოს?

"მწვრთნელს ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი და ამით პირველ რიგში ნაკრები ზარალდება, ფეხბურთელები ზარალდებიან და თვითონ მწვრთნელიც. გამოჩნდება, ამით რას მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები ასე უკნიდან არასდროს არ თამაშობდა..."

ყენია თვლის, რომ ნაკრების წარუმატებლობაში ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა ჯანსაღი სიტუაციის დამყარებას მწვრთნელის პრეროგატივად მიიჩნევს.

"რა თქმა უნდა, ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, არავის არ უნდა მოედანზე წასაგებად გასვლა, მაგრამ როცა გუნდში ჯანსაღი სიტუაცია არ არის, ფეხბურთელს შედეგს ვეღარ მოსთხოვ. პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაურბოდეს, ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და პრობლემა იქ მოძებნოს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს უკვე მეტისმეტია..."

 

კომენტარები