ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო წერილი

ფანჯიკიძე: ვაშინგტონ პოსტი და ნიუ იორკ თაიმსი ხშირად აქვეყნებენ გადაუმოწმებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყანაზე

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს, 11 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო წერილის კომენტირებაც სთხოვეს, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს. საპასუხოდ, მაია ფანჯიკიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა. "მინდა, გამოვთქვა, გაოცება, შეშფოთება, განცვიფრება, აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ისეთი გაზეთები, როგორიცაა ვაშინგტონ პოსტი, ნიუ იორკ თაიმსი და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული, მნიშვნელოვანი გაზეთები, რომელსაც ჩვენს პრესაში ხშირად გავლენიან გაზეთებს ეძახიან, ძალიან ხშირად აქვეყნებენ გადაუმოწმებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყანაზე. მე საქართველო მაღელვებს და მაინტერესებს ყველაზე მეტად".

ფანჯიკიძემ ასეთი სტატიის მაგალითად ნიუ იორკ თაიმსში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებზე გამოქვეყნებული წერილი მოიყვანა. მან სტატიას აღმაშფოთებელი და ამორალური უწოდა, რადგან ის ჯარისკაცების გლოვის დროს გამოქვეყნდა. მან ეჭვქვეშ დააყენა სტატიის წყაროებიც და თქვა, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ქება სმენია და ის, რომ ქართველები ავღანეთში პატივისცემით არ სარგებლობენ, საეჭვო წყაროებს ეყრდნობა.

"აქედან გამომდინარე, მე აღარ მიკვირს სხვა არაფერი, რაც საერთაშორისო პრესაში შეიძლება დაიწეროს და გაჩნდეს. მე დასაშვებად მიმაჩნია, რომ მართლაც ვაშინგტონ პოსტის ავტორებს ინფორმაცია მიკერძოებული წყაროებისგან ჰქონდათ, რადგან ისინი არ შეეცადნენ ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ სხვაგან", - აცხადებს ფანჯიკიძე.

კომენტარები