უმაღლესი განათლება

მარგველაშვილი: ნებისმიერ თემაზე ხდება ყურით მოთრეული ინსინუაციები

Reuters

დღეს, 11 ივნისს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს განათლების მინისტრი, ვიცეპრემიერი და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა "ერთდღიანი ისტერიაა" და "ყურით მოთრეული ინსინუაციები".  

"ყველა რექტორი ირჩევა და არის სრული აკადემიური თავისუფლება, ეს ნაწილი კი, რომლის გაბუქებაც ახლა ხდება, არის თავიდან ბოლომდე დაკავშირებული გარდამავალ პერიოდთან, ზუსტად იგივე ფორმატით იყო ეს მანამდეც კანონში. ეს არანაირად არ ეხება მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ არცერთ რექტორთან არ ვცვლით ურთიერთობას, რაც იყო, ის რჩება, მაგრამ მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ თემაზე ხდება ყურით მოთრეული ინსინუაციები.

არცერთი რექტორის მიმართ არ იცვლება ის ურთიერთობა, რომელიც იყო დამყარებული მანამდე. ის კონტრაქტები, რომლებიც მათ ჰქონდათ... თუ ვიღაც კვალიფიციური არ არის, ეს სრულიად სხვა თემაა. ის, რომ ვიღაც ნიშნავს რექტორებს, არის ელემენტარული, მტკნარი ტყუილი, რომელსაც აქვს ზუსტად სამსაათიანი სიცოცხლე, როდესაც ჩაიხედავთ კანონში, ნახავთ, რომ რექტორებსაც და ყველა პერსონალს ირჩევს უნივერსიტეტის პროფესურა", - აცხადებს  მარგველაშვილი.

განათლების მინისტრი იმითაც ინტერესდება, თუ რატომ ადებს პრეზიდენტი ვეტოს მისი უწყების მიერ ინიცირებულ "ნებისმიერ კანონს". მისი თქმით, "ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პროცესი, სადაც პირადად ხდება დაპირისპირება ნებისმიერ ინიციატივასთან".

"ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მატარებელი, მაგრამ ეს არანაირად არ არის კავშირში ვინმეს დანიშვნასთან. აკადემიური ხარისხის მატარებელი რექტორი უნდა აირჩიოს უნივერსიტეტმა და არავინ არავის არ ნიშნავს. ვისაც არ გააჩნია აკადემიური ხარისხი, ეს ცვლილება მას შეეხება, სავარაუდოდ, ალექსანდრე კვიტაშვილსაც, მე მისი საბუთები არც გამომითხოვია, არც შემისწავლია, მაგრამ მე და სამინისტრო ვაყალიბებთ ზოგად ჩარჩოს, თუ ვინმეს მსოფლიოში აქვს ამაზე საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ის მეკამათოს", - აცხადებს მარგველაშვილი.

კომენტარები