ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ბაქრაძე: დავრწმუნდეთ, რომ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ და შემდეგ ვისაუბრებთ ელჩებზე, გნებავთ მარკშეიდერებზე

wikipedia.org

"მოდით, ჯერ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც აქტუალურია. დავრწმუნდეთ, რომ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ და ამის შემდეგ ვისაუბრებთ ნებისმიერ სხვა თემაზე - გნებავთ ელჩებზე, გნებავთ ბუღალტრებზე, გნებავთ მარკშეიდერებზე", - აღნიშნული კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რითაც გამოეხმაურა პრემიერმინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტისგან დაინტერესდება, რატომ უშლის ხელს ელჩების დანიშვნის პროცესს.

"დღეს არსებობს ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, არსებობს რაღაც პოლიტიკური ძალა ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ქართულ შეიარაღებულ ძალას ტერაქტების მოწყობით, აფეთქებებით და მკვლელობით ემუქრება. ეს გახლავთ ის საკითხი, რომელზეც ყველამ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. როგორც სახელმწიფო მოხელეები, ჩვენ ვალდებულნი ვართ გვერდზე გადავდოთ ყველა სხვა საქმე, დავსხდეთ ერთად და მოვიფიქროთ ზომები, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჯარისკაცების სიმშვიდე და უსაფრთხოება. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სხვა თემის წამოჭრა. რა კავშირშია ტერაქტებთან ჩვენი ელჩების დანიშვნა-არდანიშვნა?!", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები