ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ბოკერია: პრემიერის აზრით, მნიშვნელოვანი საკითხი არ არის ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერია სხდომაზე პრემიერის არდასწრებას სამწუხაროდ აფასებს, ხოლო მიუსვლელობის დასახელებულ მიზეზებს გაუგებარს უწოდებს. 

"შეხვედრა ეხებოდა ავღანეთში მომხდარ იმ ტრაგედიას, რასაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა, ჩვენი შვიდი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, და ზოგად შეფასებას ამ საფრთხეების, ავღანეთში მისიის მიმდინარეობისას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი სამინისტროს გენშტაბის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეს ამ თემაზე. ამასთან, მინდა განსაკუთრებული მწუხარება გამოვხატო, არ ვიცი გაკვირვება დავარქვა ამას თუ რა, იმით, რომ პრემიერმინისტრმა უკვე მეორეჯერ, პრაქტიკულად უარი განაცხადა მონაწილეობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, თუ რა ფორმით მოხდა ეს. მან ჯერ სატელევიზიო სპეკულაციები დაიწყო ამ თემაზე, რომ უშიშროების საბჭო უნდა გაიმართოს, შემდეგ მოიმიზეზა გრაფიკი, არ მოვიდა საოკუპაციო ხაზის თემაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოსთვის. ახლა თქვა, რომ, მისი აზრით, მნიშვნელოვანი საკითხი არ არის ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმა ავღანეთში და ამ ვიდეოს გამოძიება, რათა მას გამოენახა დრო ამ შეხვედრაზე მოსვლისთვის. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ რა შეიძლება იყოს პრემიერმინისტრისთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა. 

გიგა ბოკერიამ ასევე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც შსს-ს მინისტრი ამბობს, რომ "ეს არის არაეფექტური, ძალიან ფორმალური და ძალიან ხელოვნური შეხვედრები... დღეის მდგომარეობით, ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო უშიშროების საბჭო".

"ეს პოზიცია განსხვავდება მისივე თანაგუნდელების პოზიციისგან, იმ საკითხზე, რომ რაღაცნაირი მცდელობაა პრემიერმინისტრის უპასუხისმგებლო საქციელის გამართლებისა, იმიტომ რომ პრემიერმინისტრმა უკვე მეორეჯერ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ და გაუგებრად მიიჩნია, რომ არ არის მნიშვნელოვანი საკითხები", - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი.

კომენტარები