რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პუტინი: ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა

The President of Georgia pays his first official visit to Russia.
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია Russia Today-სთან ვრცლად ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებზე.

"მე ვფიქრობ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი და ვფიქრობ, იგი ამას არ უარყოფს. მე მას ვეუბნებოდი, არავითარ შემთხევაში საქმე არ მიიყვანოთ სისხლისღვრამდე და მე იგი ყოველთვის მეუბნებოდა - დიახ, დიახ, არავითარ შემოხევაში, ჩვენ ვიმუშავებთ, მოთმინებით აღვივსებით და ვიმუშავებთ როგორც აფაზეთთან ასევე სამხრეთ ოსეთთან. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ომით დასრულდა", - ასეთი წინასიტყვაობით დაიწყო ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბარი.     

პუტინის თქმით, ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტებიც, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭებაში რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა, მისი აზრით, ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელია, რომ რუსეთი "ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია".

"ეთნიკური კონფლიქტები ასწლეულებია არსებობს და ეს არ შეიძლება საქართველოში არ იცოდნენ", - აცხადებს პუტინი და იქვე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობას მართლაც მოთმინებით უნდა მოეგვარებინა ეთნიკური კონფლიქტები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მისი თქმით, ეს ვერ მოხერხდა, რამაც რუსეთი აიძულა "რეაქცია მოეხდინა" განვითარებულ მოვლენებზე და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

"მე არ წარმომიდგენია უკან დახევა, უბრალოდ არ წარმომიდგენია", - აცხადებს პუტინი და იქვე განმარტავს, რომ ან საკითხის მოგვარება მხოლოდ "კომპეტენტურად" კი არ უნდა მოხდეს, არამედ იმ ადამიანების "სურვილის" გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.  

"რაც შეეხება საქართველოს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში, გადადგას რაღაც სხვა ნაბიჯები - ჩვენ ამას ვხედავთ", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და დასძენს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ითანამშრომლოს.

"ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობების აღდენა. ჩვენ საქართველოს მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს... საბჭოთა პერიოდშიც, ახლაც, (ქართული) კულტურა ჩვენთვის ძალიან ახლოა. ბევრი რამ გვაერთიანებს, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა რელიგიურ მხარზე. მე შევხვდი კათოლიკოსს - ძალიან კეთილი ადამიანია. ის ჭეშმარიტი ქართველია. წამიც არ იყო, რომ მას არ ესაუბრა საქართველოს ინტერსებზე და ქართველი ხალხის ინტერსებზე", - აღნიშნა პუტინმა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია, შესაძლოა არა საკვანძო საკითხი, თუმცა ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მოქმედებას", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

Russia Today-სთან საუბარში პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით თანამშრომლობის აღდგენა, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს. 

"ჩვენ გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობა, გვსურს საქართველოსთან მუშაობა და თუ შევძლებთ სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების სფეროში ერთობლივი მუშაობის დამყარებას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, უვიზო რეჟიმის აღდგენისკენ, თუ ჩვენ ნამდვილად ვიმუშავებთ ერთობლივად, მათ შორის, ტერორიზმსა და დანაშაულთან ბრძოლაში, მაშინ ეს შესაძლებელია", - განაცხადა პუტინმა .

 

კომენტარები