რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

უგულავა: ეკონომიკური სარგებლის ფასად ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დავთმობთ

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის მერი გიგი უგულავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მედიასთან კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის განხილვის გარეშე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში რა იგულისხმება, საქართველოს მთავრობა ამას არ აკონკრეტებს.

"თვითმფრინავი აქამდეც დაფრინავდა და ადამიანებს წასვლის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ. თუ ურთიერთობების აღდგენაში ვგულისხმობთ ციტრუსის, მანდარინების, ღვინის შეტანას და მხოლოდ ეს არის, მე არ მიმაჩნია და არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ეს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის საფასურად მიაჩნდეს. აქამდე ერთი ნიშანდობლივი რამე იყო, მთავრობა საუბრობდა ურთიერთობის აღდგენაზე რუსეთთან, მაგრამ არასოდეს აკონკრეტებდა რა არის ამის საფასური. დღეს რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი და თქვა, ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ საფასური ამის იქნება, რომ თქვენ დათმეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მე ვფიქრობ, რომ ეს ის საფასურია, რომელსაც ქართველი ხალხი არასოდეს გადაიხდის", - ამბობს დედაქალაქის მერი.

უგულავას თქმით, სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არ მოგვარდება, რუსეთთან ურთიერთობების სრულმასშტაბიანი მოწესრიგება შეუძლებელი იქნება. "საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თუნდაც ეკონომიკური სარგებლის ფასად, თუნდაც ღვინის, მანდარინებისა და მწვანილების ფასად, აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმობს", - აცხადებს ის.

კომენტარები