იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

არასამთავრობოები: მნიშვნელოვანია, მოხდეს პროცესის მაქსიმალურად დეპოლიტიზაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI-Georgia) და კონსტიტუციის 42-ე მუხლი პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა მისცემოდათ.

"საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის ექვს წევრს აირჩევენ იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები და ადვოკატები წარადგენენ. აღნიშნული არჩევის წესი ცალსახად პროგრესულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ, პროცესის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს კანდიდატებისთვის საჯაროდ გამოსვლის საშუალება უნდა მიეცა. პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლას არ ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანდიდატების გამოსვლა და მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა დაეხმარება დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღებაში და პროცესს საჯაროს და გამჭვირვალეს გახდიდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული კანდიდატები საზოგადოების მიერ არიან ნომინირებული და საზოგადოებას საშუალება უნდა ჰქონდეს, დააკვირდეს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ზუსტად იცოდეს, რატომ მიანიჭა საკანონმდებლო ორგანომ კონკრეტულ კანდიდატს უპირატესობა.ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს პროცესის მაქსიმალურად დეპოლიტიზაცია. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ კანდიდატებს, რომელთაც შესაბამისი გამოცდილება და პრინციპები ექნებათ სასამართლო სისტემის მართვის ხედვებთან დაკავშირებით", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პარლამენტი თავის არჩევანს ღირსეულ წევრებზე შეაჩერებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და მისი დამოუკიდებლობის გამტკიცების პროცესს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებად საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილი პროფესიონალები, დავით კერესელიძე, კახა წიქარიშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი გიორგაძე წარადგინეს, რომლებიც სწორედ საკუთარი პრინციპული ხედვითა და მაღალი კომპეტენციით გამოირჩევიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს დამტკიცების საკითხს განიხილავს. ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო უმცირესობა არ გეგმავს.  ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ  წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად 10 კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა ქართულმა ოცნებამ უარი თქვა კონსულტაციებზე და შეთანხმებაზე.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვენეციის კომისიისა და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ფორმულის თანახმად, უმრავლესობას იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. კონსულტაციის მიზანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა წარმოადგენდა. ნაციონალური მოძრაობა მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში თუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, შეთანხმება ორ კანდიდატურაზე მოხდებოდა, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა ორი მესამედი", - განაცხადა ვაშაძემ. 

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი გამოავლინა. რიგითი მოსამართლეებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე, თამარ ალანია  და ილონა თოდუა  გახდნენ. კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, შოთა გეწაძე და მერაბ გაბინაშვილი  გახდნენ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენი ექვსი წევრი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს.

 

კომენტარები