უმაღლესი განათლება

საია: კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით არ განიხილოს უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, ყველას მისცეს განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა და მთავრობასთან ერთად, გადადგან ნაბიჯები უნივერსიტეტის ავტონომიურობის გასაძლიერებლად.

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

ამასთან, ორგანიზაციისთვის მიუღებელია პარლამენტის გადაწყვეტილება პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, რადგან, განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროების რაიმე დასაბუთება არ არსებობს.

"ასეთ ვითარებაში კი, კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან თავისთავად გამოირიცხება სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა კანონის შექმნის პროცესში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია კანონპროექტის რამდენიმე ასპექტს გამოყოფს. მათ შორის, უნივერსიტეტის ავტონომიაში პირდაპირ ჩარევად აფასებს ცვლილებას, რომლის მიხედვით, რექტორის უფლბამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი.

"წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, რექტორის უფლბამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი. აღნიშნული ჩანაწერი ვრცელდება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ამავდროულად, კანონში დღეს მოქმედი ჩანაწერით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანო (აკადემიური საბჭო). ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს დღეს მოქმედ რეგულაციას და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის ავტონომიაში პირდაპირ ჩარევას", - ნათქვამია განცხადებაში.

ყურადღება გამახვილებულია ასევე რექტორობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებაზე:

"კანონპროექტის მიხედვით, რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის აკადემიურ ხარისხს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვა დადგენილი არ არის. თუმცა, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის პირველად რედაქციაში, რომელიც 2004 წლის ბოლოდან მოქმედებს, იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც "რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ამ ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი." აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა 2010 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილებით. ცვლილების მოტივაციად განმარტებით ბარათში მითითებული იყო "კანონში არსებული შეზღუდვის მოხსნის მიზანშეწონილობა", რის შემდეგაც შემოღებულ იქნა "რექტორად და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნებისმიერი პირის არჩევის/დანიშვნის შესაძლებლობა", რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, არასწორ დანაწესად შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით რექტორისათვის წაყენებული მოთხოვნა გამართლებულად მიგვაჩნია. თუმცა, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აისახოს აღნიშნული მოთხოვნის შემოღება დღეს მოქმედი რექტორებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე, დამატებითი დისკუსიის საგანი უნდა გახდეს".

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა უკვე მიიღო რამდენიმე კანონი სამოქალაქო მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე და უმაღლესი განათლების შესახებ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ამის კიდევ ერთი დასტური იქნება. ორგანიზაცია მთავრობასა და პარლამენტს რეგენტთა საბჭოს არსებობას ახსენებს:

"რეგენტთა საბჭო) ფაქტობრივად უნივერსიტეტის ავტონომიურობის ხელყოფის ბერკეტს წარმოადგენს და წინა წლებში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. ბოლო დროს პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილება, რომელიც რეგენტთა საბჭოს გაუქმებას ისახავდა მიზნად, არ იქნა მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში განათლების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სწორედ მისი გაუქმება იყო გათვალისწინებული. მითითებულ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ ამა წლის მარტში პარლამენტისთვის წარმოდგენილ დასკვნაში რეგენტთა საბჭოს შესახებ საპირისპიროს ვკითხულობთ: "აღნიშნული ინსტიტუტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და კოორდინაციის ეფექტურ, იურიდიულად გამართულ ინსტრუმენტს წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი შევიდა, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

 

კომენტარები