შრომის კოდექსი

პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო

parliament.ge

პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით, 91-ხმით 26-ის წინააღმდეგ მიიღო. მეორე მოსმენით იმ ცალკეულ მუხლებს უყარეს კენჭი, რომელზეც შეთანხმება მხოლოდ გუშინ მოხერხდა. 

"ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა და მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ორივეს - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს", - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე აცხადებს, რომ არსებული კოდექსი დისკრიმინაციული იყო და ყოველგვარი განმარტების გარეშე დასაქმებულების უპირობო გათავისუფლების სრულ თავისუფლებას აძლევდა. "ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ ამ პუნქტში დაცულიყო დასაქმებულის ინტერესები, მაგრამ თუკი პირი არ შეასრულებს ხარისხიანად და პასუხისმგებლობით საქმეს და მოვალეობას, რა თქმა უნდა, პირობები გაწერილია დეტალურად, სადაც დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ დასაბუთებულად გაათავისუფლოს დასაქმებული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ახალი ურთიერთობა შემოდის. თუ აქამდე იყო სამთვიანი ხელშეკრულებები, ახლა უვადო ხელშეკრულებები იქნება შემოღებული, თუმცა "გარკვეული რეგულაციებით". უვადო ხელშეკრულებები გაფორმდება დასაქმებულთან, თუ ის მუშაობს 30 თვის განმავლობაში.

ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულის ერთი თვით წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაში, მას ერთი თვის სამუშაოს ხელფასი აუნაზღაურდება, ხოლო თუ დამსაქმებელი სამი დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს, დამსაქმებელს მოუწევს 2 თვის ხელფასის ანაზღაურება.

 

კომენტარები