კინო

სიმღერა, რომელიც ჯორჯ მარტინმა დაწერა

Valar Morghulis

1948 წელს ჯონ რუალ რონალდ ტოლკინი თავის უკვდავ ტრილოგიას, „ბეჭდების მბრძანებელს" ამთავრებდა. კლაივ სტეპლ ლუისის მეგობარს ალბათ არც წარმოედგინა, რომ მისი წიგნები ფენტეზის ჟანრში რევოლუციას მოახდენდა, მას ჟანრის მამად და კლასიკოსად შერაცხავდნენ, „ბეჭდების მბრძანებელი" კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული წიგნი გახდებოდა. ბრიტანელი მწერალი კიდევ უფრო ნაკლებად წარმოიდგენდა იმას, რომ როდესაც მას „ბეჭდების მბრძანებელში" უკანასკნელი კორექტივები შეჰქონდა, ამ დროს აშშ-ში დაიბადა ადამიანი, რომელიც მის მიერ დადგენილ ჟანრის დოგმებსა და წესებს თავდაყირა დააყენებდა, გახდებოდა პირველი, რომელიც დიდ კლასიკოსს ყინულითა და ცეცხლით „დაუპირისპირდებოდა". 1948 წლის 20 სექტემბერს ბეიოანაში ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი დაიბადა.

მარტინს ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ფენტეზი, ფანტასტიკა და კომიქსები, ტოლკინი მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი იყო. ტოლკინი, რომელმაც ფენტეზი ააღორძინა და ამავე დროს თითქოს ჩარჩოებში მოაქცია, საიდანაც გასვლა ვერავინ შეძლო. ფენტეზი იქცა პროტაგონისტებისა და ანტაგონისტების დაპირისპირებად, სადაც მკაცრად გამოკვეთილი დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები არიან, სადაც გმირების მოტივების გამოცნობა რთული საქმე არაა, სადაც გამოგონილი არსებები, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც არიან ტოლკინის ქმნილებების ასლები.

50-იან წლებში შექმნილი ეს კანონები ხელშეუხებელი იყო, სანამ მარტინმა 90-იან წლებში წიგნების სერიის – „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" – გამოშვება არ დაიწყო. ამერიკელმა მწერალმა ყველა არსებული წესი დაივიწყა და შექმნა ფენტეზი ფენტეზის გარეშე. პირველ წიგნში, „სატახტოთა თამაში" (ასე საშინლად თარგმნეს ქართულად), ფენტეზის ელემენტები მინიმალურია. ესაა შუა საუკუნეების თემატიკის რომანი, სადაც მხოლოდ ბოლოს იკვეთება ფენტეზის ელემენტები, რომელიც წიგნიდან წიგნამდე სულ უფრო მატულობს.

მარტინმა 5 წიგნი უკვე დაწერა, კიდევ ორის დაწერას აპირებს და ამით ეპოსს დაასრულებს. „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" ისტორიაა, რომლის მოქმედებაც გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. თითოეულ თავს თითო პერსონაჟის გადმოსახედიდანაა მოთხრობილი. კითხვისას ნელ-ნელა ნათელი ხდება, რომ აქ თითქმის ვერ შეხვდებით დადებით და უარყოფით პერსონაჟებს, ხელშეუხებელ გმირებს, რომელთა სიკვდილიც გამორიცხულია. აქ ყველა ინტრიგის სამყაროში ცხოვრობს, სადაც პერსონაჟების უმეტესობა თავიდან თავამდე ცვლილებას განიცდის და გმირი, რომელიც თითქოს პირველ წიგნში გაიცანით, მეხუთეში სრულიად სხვა კუთხითა და სახით წარმოგიდგებათ. თუ, რა თქმა უნდა, მწერალმა ის იქამდე არ მოკლა. მარტინს არ ჰყავს გმირები, რომლებსაც რაიმე გარანტირებული აქვს და ამას პირველივე წიგნში ამტკიცებს, როდესაც ერთ-ერთ უმთავრეს პერსონაჟს ერთი ხელის მოსმით კლავს.

ვესტეროსი და ესოსი პოლიტიკური თამაშების არენაა, სადაც მარტინი ნელ-ნელა გაპარებთ ინტრიგით, ძალადობით, სექსითა და ტყუილით გაჟღენთილ მაგიას. წარმოუდგენელია წინასწარ გათვალო, რა მოხდება შემდეგ თავში ან წიგნში, რადგან აქ მოულოდნელობა ყველა კუთხეშია ჩასაფრებული. სწორედ ეს იქცა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" წარმატების მიზეზად.

ტოლკინის მსგავსად, მარტინსაც დეტალურად უყვარს ამბების აღწერა, ძალიან დიდ დროს უთმობს ატმოსფეროს შექმნას და ამბავს ნელ-ნელა მიუყვება. მისთვის ექშენი მეორეხარისხოვანია, მთავარია დეტალიზაცია და პერსონაჟების გაცნობა, დიალოგები, რომლებიც წარმოდგენას გიქმნით თითოეულ გმირზე. უბრალოდ, ტოლკინისგან განსხვავებით, ის წმინდა ბოროტებასა და სიკეთეს არ აღიარებს. მარტინთან ყველა გმირში არის რაღაც დოზით დართ ვეიდერი და ანაკინ სკაიუოკერი. აქ მოწინააღმდეგეები ორ ბანაკად არ არიან გაყოფილები, ომში მინიმუმ 5 მხარეა ჩართული და ყველას თავისი განზრახვა და მიზანი აქვს. სტარკების ოჯახი, ლანისტერები, რენლი და სტანის ბარათეონი, გრეიჯოები, დენერის ტარგარიენი. უერთგულესი თანამებრძოლები ყველაზე დიდი გამყიდველები არიან, აქ ფული და ძალაუფლება ყველაფერზე მაღლა დგას.

ფენტეზის ხშირად სუსტი ქალი პერსონაჟების გამო აკრიტიკებენ. მარტინმა აქაც წესები დაარღვია და მასთან ქალი პერსონაჟები არა სტატისტები ან უბრალოდ ლამაზი არსებები, არამედ უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან. დენერის ტარგარიანი, უსუსური გოგოდან, მთავარსარდლად იქცა, რომელიც ტახტისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს ანადგურებს. სერსეი ლანისტერი მომხიბვლელი და მაცდური ქალია, რომელიც მეფის კარზე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს და შვილების დასაცავად არავის დაინდობს. ქეითლინ სტარკი ჭკვიანი ქალია, რომელიც, როგორც ყველა ჭკვიანი ადამიანი, უამრავ შეცდომას უშვებს, მაგრამ მკითხველის თვალში მომხიბვლელობას არ კარგავს.
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მთავარი მშვენება ისაა, რომ მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შორის ნაპრალი არ არსებობს, აქ თითქოს ყველა გმირი ერთნაირად 

მნიშვნელოვანია, ყველას თავისი როლი აქვს, რის გარეშეც ყველაფერი მიმზიდველობას დაკარგავს. ედარდ სტარკი, ტირიონ ლანისტერი, რობ სტარკი, სტანის ბარათეონი ისეთივე მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან, როგორც ვერისი, პიტერ ბეილიში ან მელისანდრა. თითოეული წიგნი ძალიან დიდია და როდესაც მისი სატელევიზიო შოუდ გაცოცხლება მოინდომეს, გაჩნდა შიში, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მარტინის სამყაროს ინდივიდუალიზმს და განუმეორებლობას ანიჭებს, დაიკარგებოდა, მაგრამ საქმეს ხელი HBO-მ მოკიდა, სერიალების „ტოლკინმა", რომელიც ყველაფერს ოქროდ აქცევს და მაყურებელს ამ შემთხვევაშიც არ გაუცრუა იმედები.

„სატახტოთა თამაში" დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუა, რომელიც სეზონიდან სეზონამდე ზრდის რეიტინგს. პროდიუსერებმა დევიდ ბენიოფმა და დენიელ ბ. უეისმა ხუთსაათიანი საუბრის შემდეგ დაითანხმეს მარტინი, რომ სერიალის შექმნის უფლება მიეცა. პროდიუსერებმა შოუს დადგმა 2006 წელს დაიწყეს და პირველი ეპიზოდი 2011 წელს გამოვიდა. ისევე, როგორც წიგნში, სერიალშიც აქცენტი არა ბატალურ სცენებზე, არამედ პერსონაჟების ურთიერთობის დეტალურად გადმოცემაზეა გაკეთებული. HBO-ს სერიალში მთავარი ის ატმოსფეროა, რომელიც წიგნის სულს მთლიანად გადმოსცემს. რა თქმა უნდა, სერიალსა და წიგნს შორის სიუჟეტური ცვლილებები არის, თან საკმაოდ ბევრიც, მაგრამ ეს შოუს დიდ დაღს არ ასვამს, პირიქით, რამდენიმე ცვლილება ძალიან მოუხდა. მთავარი პრობლემა, რაც წიგნის ფანებს სერიალთან აქვთ, სტანის ბარათეონის გმირის ცვლილება და რობ სტარკის პერსონაჟის სხვაობაა პირველწყაროსთან.

„სატახტოთა თამაში" საკაბელო შოუების მეფეა. „მოსიარულე გვამებთან" ერთად ის ყველაზე პოპულარული სერიალია და ისევე, როგორც ზომბების ისტორიის შემთხვევაში, აქაც მისი წარმატების მთავარი მიზეზი უცნაური, მაგრამ მარტივია. ეს ორივე შოუ, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად მოწყვეტილია რეალობას (ერთი პოსტაპოკალიპტურ დედამიწაზე განვითარებულ მომენტებს აღწერს, მეორე კი გამოგონილ სამყაროს ისტორიას გადმოსცემს), სწორედ რომ დღესაა ძალიან აქტუალური.

პოლიტიკური თამაშები, რომელსაც მარტინი აღწერს, უკვდავია, არაერთ ეპოქაში განმეორებულა და დღესაც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დოზით. პერსონაჟები შეიცვალა, მოტივები კი იგივე დარჩა. მაყურებლისთვის ყველაფერი ძალიან ახლობელია და ამიტომ არ უჭირს აღქმა, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შეფუთული. Game of Thrones ყველა გემოვნების მაყურებლისთვისაა, ფენტეზის, ისტორიული ჟანრის, პოლიტიკური დრამის, ეროტიკის მოყვარულთათვისაც კი. ეს ძალიან სისხლიანი, სასტიკი ისტორიაა, სადაც მხოლოდ ყველაზე ცბიერი და ჭკვიანი იმარჯვებს.

მწერალს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი სიმბოლოა კუ. ბედის ირონიით, მარტინი მართლა ჰგავს თავის სიმბოლოს და მასავით ნელა, კუს ნაბიჯებით წერს მეექვსე წიგნს. ფანებს ეშინიათ, რომ მწერლის სიზარმაცემ დაუმთავრებელი არ დატოვოს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა", რომელსაც დასრულებამდე ორი წიგნი აკლია. მარტინი 64 წლისაა და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არსებობს შანსი, რომ ვერ მოასწრებს ეპოსის ბოლომდე მიყვანას და ისევე, როგორც ტოლკინს, დაუსრულებელი ამბები დარჩება.

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" თანამედროვე კლასიკაა, „სატახტო თამაშები" კი ერთ-ერთი საუკეთესო, must see, სატელევიზიო შოუ. დღეს მარტინს არაერთი მიმდევარი ჰყავს, თუმცა ისევე, როგორც ერთ დროს, ტოლკინის სიმაღლეს ვერავინ შეწვდა, ახლაც ვერავინ ახერხებს ამერიკელი მწერლის წარმატების გამეორებას. მარტინმა ფენტეზის ახალი სიცოცხლე შთაბერა. მან ახალი კანონები შექმნა, სადაც მთავარია ის, რომ კანონი არ არსებობს.

Valar Dohaeris

კომენტარები