სტუდენტები და პროფესორები უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ილიას უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქცია განათლების სამინისტროსთან გრძელდება.
სტუდენტები და პროფესორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების პროექტი უნივერსიტეტების ავტონომიას ზღუდავს. მათი მოთხოვნაა, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს და მასზე მუშაობა სხვა ფორმატში, დაინტერესებული მხარეების ინტენსიური მონაწილეობით, დაიწყოს.
საპროტესტო აქციას გამოეხმაურა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, ის დღეს ქალაქიდან გადის და სტუდენტებს ვერ შეხვდება, თუმცა მომავალში, ეს შეხვედრა, შესაძლოა, შედგეს.
"ისტერიასთან დიალოგი ძალიან რთულია. რაც შეეხება სტუდენტების აქციას, მე მივესალმები სტუდენტების პოლიტიკურ აქტიურობას. ვისურვებდი, რომ მათი პოლიტიკური აქტიურობა უფრო შინაარსობრივი იყოს და ღრმად ჩაიხედონ იმ კანონმდებლობაში და პროცესებში, რაც მიმდინარეობს", - ამბობს მარგველაშვილი.
დღეს, 14 ივნისს, პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. უმცირესობის დეპუტატების გარდა, პროექტს მხარს არ უჭერს უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილიც.
"სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა და ისეთი ცვლილებებია, რომელიც არ ცვლის ძირითად არსს იმ პუნქტთან დაკავშირებით, სადაც მე მაქვს წინააღმდეგობა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს პრემიერმინისტრი. ეს პუნქტი თუ არ შეიცვალა, პირადად მე, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. კომიტეტში კანონპროექტი უკვე განხილულია და ისეთი ცვლილება არ შესულა, მე რომ მომეწონოს", - აცხადებს უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.