არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები განათლების მინისტრს მიმართავენ

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოუწოდებენ საქართველოს განათლების სამინისტროს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელთა კონკურსის სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. 

განათლების სამინისტრომ 23 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რესურსცენტრების ხელმძღვანელთა 20 ადგილი შეივსო, დანარჩენებზე კი კონკურსი ხელახლა ჩატარდება. არასამთავრობოებმა შეშფოთება გამოხატეს, რომ ზოგიერთი კანდიდატის დანიშვნის შემთხვევაში ნეპოტიზმის ნიშნები იყო. ორგანიზაციების შეფასებით, არასამართლიანი კრიტერიუმები დაწესდა მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებისთვის.

"რაც შეეხება ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ ხელახალ კონკურს, აღნიშნულ ეტაპზე ორგანიზაციებმა უკვე დააფიქსირეს მნიშვნელოვანი პრობლემა. კერძოდ, ხელახლა გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში, განსხვავებით უკვე დასრულებული კონკურსისგან, სავალდებულო მოთხოვნად კანდიდატის მიმართ მითითებულია "ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება". აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული არ იყო უკვე დასრულებული პირველი კონკურსის პირობებში, უფრო მეტიც, უკვე შერჩეულ რესურსცენტრების ხელმძღვანელების დიდ ნაწილს "ხელმძღვანელ თანამდებობებზე" მუშაობის გამოცდილება არა აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კონკურსის პირობების ცვლილება არღვევს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის უმნიშვნელოვანეს პრინციპს საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის თაობაზე. მათივე აზრით, ის არათანაბარ, დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს კანდიდატებს, რომელთა ნაწილიც მსგავსი გამოცდილების გარეშე დაინიშნენ თანამდებობებზე, ხოლო ნაწილს აღნიშნული გამოცდილების გარეშე კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლებაც კი არა აქვთ", - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობოები მოუწოდებენ განათლების მინისტრს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელ თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის უზრუნველყოფის გზით და დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას სამინისტროს არათანაბარი მიდგომა კონკურსანტების მიმართ და ყველა კანდიდატის მიმართ გამოყენებულ იქნას თანაბარი საკონკურსო მოთხოვნები.

 

კომენტარები