აშშ-ის კონგრესის განცხადება

აშშ–ის კონგრესი საქართველოსადმი კრიტიკულ შესწორებებს განიხილავს

Bill Koplitz / FEMA Photo Library

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება “არასაკმარის ზომებს იღებს ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად”, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სწრაფვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს. 

შესწორებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს მაშინ, როდესაც “მთავარ მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატია რეგრესს განიცდის”.

კომენტარები