აშშ-ს კონგრესის განცხადება

უსუფაშვილი: აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

”მივმართავთ ყველა ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ პროცესებზე, მათ შორის უშუალოდ სასამართლო პროცესებზე დაკვირვებისთვის ” , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უსაფრთხოების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. 

"ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი პირის დაკავება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მინისტრი, შემდეგ კი - პრემიერმინისტრი, იწვევს დიდ ინტერესს. ეს ასეა ხოლმე, როდესაც ჩვენამდეც აღწევს ცნობები ამა თუ იმ ქვეყანაში ამ რანგის თანამდებობის პირების დაკავების თაობაზე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი, სრულიად ბუნებრივია მათი პოზიცია, რომ საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები. ხელისუფლება _ მთავრობა, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პოზიციებს. რეკომენდაციებისთვის ყველას მადლობას ვუხდით. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ის ერთის მხრივ, ინფორმაციის სიმწირეს ეფუძნება, მეორეს მხრივ კი, უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო ასპარაზზეც პოლიტიკური პროცესია. ამ პოლიტიკურ პროცესში საქართველოში მოქმედ რომელიმე პოლიტიკურ ძალას უცხოეთში მოქმედი პოლიტიკური ძალა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, მეტ დროს და ენერგიას უთმობს, არც ესაა გასაკვირი. პროცესი გრძელდება", - განაცხადა საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე მტკიცებით, კონგრესის კრიტიკული განცხადების მიუხედავად, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას "თვალსაწიერი მომავლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება".

"შეერთებული შტატების ხელისუფლება საქათველოს ახალ მთავრობასთან აგრძელებს იმავე რანგის და ტიპის თანამშორმლობას, რაც აქამდე იყო და კიდევ უფრო მეტს. თუ ადამიანებს აქვთ კითხვა, რა ხდება საქართველოში ამა თუ იმ საქმეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა ბუნებრივი მოვლენა და ჩვენ უბრალოდ სიმართლე უფრო მეტად უნდა გავავრცელოთ ყველა დონეზე. აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და ურთიერთობას თვალსაწიერი მომავლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

კომენტარები