საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგი უგულავას თხოვნით მიმართა

0 კომენტარი
ფეხბურთის ფედერაციის წერილი ფოტო: worldsport.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ქალაქ თბილისის მერს გიგი უგულავას წერილით მიმართა. დოკუმენტში, რომელსაც მსოფლიო სპორტი ავრცელებს, მიმოხილულია ფუტსალის კლუბის, იბერია სტარის წარმატებები და ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული ოთხთა ფინალი ფუტსალში. ფედერაციის პრეზიდენტი გიგი უგულავას სთხოვს, დახმარება აღმოუჩინოს იბერია სტარს. შეგახსენებთ, რომ 15 მაისს იბერია სტარის სპორტულმა დირექტორმა გიორგი დარჯანიამ მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბი გაკოტრების ზღვარზეა.

ზვიად სიჭინავას წერილს ქალაქის მერისადმი უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო გიგი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ ფუტსალის კლუბს - „იბერია სტარს“.

კლუბის მიღწევებიდან მხოლოდ რამოდენიმეს მოგახსენებთ - „იბერია სტარს“ ეკუთვნის უეფას ფუტსალის ლიგაში 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდი, რაც უნიკალური შემთხვევაა არა მხოლოდ ფუტსალის, ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში.

აღსანიშნავია „იბერია სტარის“ უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალში ასპარეზობა. თქვენ თავად ესწრებოდით აპრილის თვეში თბილისში გამართულ უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალს და თავად ნახეთ, თუ რა ძალა აქვს სპორტის ამ სახეობას. ამ რანგის ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლა უკანასკნელი 32 წლის მანძილზე ქართული საკლუბო სპორტის ისტორიის საუკეთესო მიღწევად მიიჩნევა. საგულისხმოა ისიც, რომ 2012 წელს „იბერია სტარი“ სპეციალისტებმა მსოფლიოს ხუთ და ევროპის სამ საუკეთესო კლუბს შორის დაასახელეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კლუბის გულშემატკივართა განსაკუთრებული აქტიურობა. უეფა ოფიციალურად ადასტურებს, რომ თბილისელი გულშემატკივრები ფლობენ ლიგის დასწრების ყველა დროის ერთდროულად სამ რეკორდს (ჯგუფური ეტაპი, ელიტრაუნდი, ნახევარფინალი). ამდენად ვთვლით, რომ „იბერია სტარის“ ხელშეწყობით თქვენ უდიდეს დახმარებას აღმოუჩენთ არა უბრალოდ ერთ კლუბს, არამედ ზოგადად ქართულ სპორტს და ამით უზრუნველყოფთ ქართული დროშის ევროპული საკლუბო სპორტის მწვერვალზე აღმართვას.

პატივისცემით, 

დ.სიჭინავა

პრეზიდენტი"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები