მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

კუბლაშვილი: არ შეიძლება შეიქმნას პარალელური სასამართლო

ტაბულა

დღეს, 16 ივნისს, მოსამართლეთა კონფერენციის გახსნამდე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა.

მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია ინახოს რა წერია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში, რომელიც ორშაბათს, 17 ივნისს იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა კუბლაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის პირველადი ვარიანტი "გაჯერებული იყო ძალიან კრიტიკული შენიშვნებით".

"ჩემი პოზიცია არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეიქმნას პარალელური სასამართლო. ამ სასამართლოს დასკვნა არ შეიძლება შემდეგ მოსამართლეთა დასჯის საფუძველი გახდეს - აცხადებს კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა წარმოადგინა.

წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიამ რამდენიმე "გაუმჯობესება" შესთავაზა სამინისტროს, თუმცა რეკომენდაციების ნაწილს სამინისტრო გაითვალისწინებენ, ზოგიერთს კი არა.

"ვენეციის კომისიამ თქვა, რომ თუკი საზოგადოებაში ამის საჭიროება არსებობს, ეს არ არის მისი განხილვის თემა და ეს თავად ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. ქვეყნის შიგნით კი, მიგვაჩნია, რომ ამგვარი კომისიის არსებობა აუცილებელია, რათა სასამართლომ თავიდან გახსნას სისხლის სამართლის უსამართლოდ განხილული საქმეები და ახალი განაჩენები დაადგინოს", - აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი 15-წევრიანი სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კომისია უფლებამოსილი იქნება შეისწავლოს იმ პირთა მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაასამართლეს "მძიმე" და "განსაკუთრებით მძიმე" დანაშაულებისთვის 2004 წლიდან. "ნაკლებად მძიმე" დანაშაულებისთვის გასამართლებულებს ასევე ექნებათ უფლება, რომ თავიანთი საქმეების გადახედვა მოითხოვონ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კომისია ასევე ექნება შესაძლებლობა  100 ათას ლარზე მეტი ღირებულების დავებიდან წარმოშობილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებიც შეისწავლოს. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისია დაასკვნის, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, საქმე სასამართლოს გადაეცემა, რათა მან საქმე ახალი გარემოებების საფუძველზე განიხილოს.

კომენტარები