საკვირაო ქადაგება

ილია II: ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ

fmabkhazia.com

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ (17 ივნისი) საკვირაო ქადაგებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე.  

"წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა პლაგიატის დაუშვებლობაზეც იქადაგა.

"ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და თავის ნათქვამად მიიწერს, რაც დაუშვებელია", - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ იმისა შესახებაც ისაუბრა, რომ აუცილებელია ადამიანმა ბიბლიიდან ყოველდღიურად თითო თავი იკითხოს.

" შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, სიბრძნე, სულიერება და ცხოვრების წესები. დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენი დიდი წინაპრები გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო. ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ", - განაცხადა პატრიარქმა.

საგულისხმოა, რომ ილია მეორემ 2 ივნისს საკვირაო ქადაგებისას შაბათი დღე წიგნის კითხვის დღედ გამოცხადა. 

კომენტარები