ISAF-ის მისია

ალასანია: New York Times-ის სტატია და ვიდეორგოლები ერთიანი საინფორმაციო იერიშია

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოები და New York Times-ის მიერ ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებზე გამოქვეყნებული სტატია ერთიანი საინფორმაციო იერიშის ნაწილია - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"გამოძიება დაადგენს ამ ფირის წარმომავლობას და იმას, კავშირშია თუ არა ის ქართულ ბაზაზე თავდასხმასთან. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: აუცილებელია ამის ჩამდენის დაკავება და უმკაცრესად დასჯა. ერთიანი საინფორმაციო იერიშის ჩანაფიქრად აღვიქვამ როგორც ამ ვიდეორგოლს, ისე უბინძურეს და ამორალურ სტატიას, რომელიც New York Times-ში დაიბეჭდა ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებზე. ეს ჰგავს მიზანმიმართულ საინფორმაციო იერიშს საქართველოზე, ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანზე და მის დისკრედიტაციაზე", - აცხადებს ალასანია.

რაც შეეხება შსს-ს მიერ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ხსენებული ვიდეორგოლები საქართველოდან ატვირთეს, თავდაცვის მინისტრი ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს:

"ვარაუდებზე ვერ ვილაპარაკებ. ვინც ამას აკეთებს, მას ხელი მიუწვდება იმაზე, რომ ასეთი ვიდეოფირი საქართველოში ატვირთოს და შეაცდინოს ისეთი ავტორიტეტული გამოცემა, როგორიც New York Times-ია. შემდეგ შეცვალეს სტატია და აშშ-ში ჩვენი ელჩის პასუხიც გამოაქვეყნეს, მაგრამ ტყუილი ხომ გავრცელდა", - ამბობს ირაკლი ალასანია.

კომენტარები