ტერორისტული აქტის მცდელობა

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ კადიევის რუსეთში ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს

სახალხო დამცველი
facebook.com

საქართველოს სახალხო დამცველი მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კადიევის რუსეთში ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თობაზე, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.

მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი თბილისში 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. მიკაელ კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება ექსტრადიციის საქმეებზე, მათ შორის გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართელოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკა (საქმე "შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" (საჩივარი # 36378/02)).

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მიკაელ კადიევის ექსტრადიცია, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი", - ამბობს ომბუდსმენი. 

მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, შსს-ს თავდაპირველი განცხადების მიხედვით, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლოზე გაირკვა, რომ დაკავების საფუძველი გახდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას მოიცავს. ეს დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას წარმოადგენს და ითვალისწინებს ან ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

კომენტარები