ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა: მერაბიშვილის შიმშილობის მიზეზი მისი ქონების დაყადაღებაა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, მიხეილ მაჭავარიანის და გიორგი გაბაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა მისი უძრავი და მოძრავი ქონების დაყადაღების გამო გამოაცხადა. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ქონების დაყადაღება "საკმაოდ უცნაური" გადაწყვეტილებაა. მათ ასევე თხოვნით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიეცეთ ვანო მერაბიშვილის მონახულების საშუალება. 

"გამოცხადდა, რომ ვანო მერაბიშვილის ყველა უძრავ-მოძრავ ქონებას დაედო ყადაღა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მისი ოჯახი, მისი მეგობრები მას დავეხმარებით და არ დავტოვებთ ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მსურს ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურია. მსურს დავადასტურო, რომ აქ მიდის ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე. როგორც ჩანს, ეს ადამიანები არ ელოდნენ, რომ ჩვენ მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, ასე ერთად ვიქნებოდით", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

გოკა გაბაშვილის თქმით, საქმე წმინდა წლის პოლიტიკურ დევნასთან და მთავარი პარტიის განადგურების სურვილთან გვაქვს. "ვანო მერაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. აქ საქმე არ გვაქვს არავითარ სამართლებრივ საკითხთან, საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ დევნასთან და მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების სურვილთან, რაც არაერთხელ ღიად გამოთქმულა და არაერთხელ განუცხადებიათ როგორც პრემიერმინისტრს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. ბოლო პერიოდში ამან მიიღო პერსონალური, ძალიან მდაბიო და პატარა ადამიანებისთვის დამახასიათებელი, კინკლაობის ფორმა - საუბარია მისი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნაზე. საუბარია იმაზე, რომ ვანოს არ მიეცეს საშუალება ჰქონდეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ის არის მოქმედი გენერალური მდივანი მთავარი ოპოზიციური ძალის, ამის გასაპროტესტებლად მან დაწყო შიმშილობა და ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

კომენტარები