17 მაისის აქცია

ეკა ბესელია: კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის შეფასებას

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით დასკვნის პროექტი განიხილეს. აღნიშნული აქციის შეფასების მოთხოვნით პარლამენტს ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. "მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა, შესაძლოა, მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი - ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარზე საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ 17 მაისის აქციის და მისი კონტრაქციის ჩატარების უფლება ორივე მხარეს ჰქონდა და სახელმწიფო იყო ვალდებული, ორივე შეკრების მონაწილეების უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება დაეცვა, რაც, ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახერხა. ბესელიამ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ხელმოწერაც პეტიციაზე დაფიქსირებულია, თუმცა, მათი თქმით, აღნიშნულ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, ამიტომ სია საჭიროებს გადამოწმებას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა -რატი მაისურაძემ და გიორგი გაბედავამ განაცხადეს, რომ ისინი სიაში მოხვდნენ მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ. მათ დაეთანხმა სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და თქვა, რომ ამ სიყალბეზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

კომენტარები