ვლადიმირ პუტინი

კრაფტი: პუტინმა ბეჭედი მომპარა

ვლადიმირ პუტინი
Time

ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის ნიუ ინგლანდ პატრიოტსის მფლობელმა რობერტ კრაფტმა, რუსეთის პრეზიდენტი ქურდობაში დაადანაშაულა. კრაფტის განცხადებით, პუტინმა მას საჩემპიონო ბეჭედი მაშინ მოჰპარა, როდესაც გუნდის პრეზიდენტი 2005 წელს, სანკტ-პეტერბურგში სამუშაო ვიზიტით იმოფებოდა.

"ამოვიღე ბეჭედი და გადავწყვიტე მისთვის (პუტინისთვის) მეჩვენებინა. შემდეგ, მან ის თითზე გაიკეთა და თქვა, "ამ ბეჭედით ვინმეს მოკვლა შემიძლია", New York Post-თან საუბარში განაცხადა კრაფტმა. "ხელი გავწიე, მან კი ბეჭედი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი დაცვამ წრე შემოარტყა და ისინი წავიდნენ".

კრაფტმა ასევე განაცხადა, რომ ბეჭდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და მისი დაბრუნება სურდა: "ბეჭედთან ემოციური კავშირი მქონდა. მასზე ჩემი სახელია ამოტვიფრული". პრესაში ამ თემაზე საუბარი 2005 წელსაც იყო, თუმცა რობერტ კრაფტმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც უარყო, რომ პუტინმა ბეჭედი მოჰპარა, რამდენიმე დღის წინ კი New York Post-თან ინტერვიუში საწინააღმდეგო განაცხადა. ნიუ ინგლანდ პატრიოტსის მფლობელის თქმით, მას ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა დაურეკა და სთხოვა სიტუაცია არ გაემწვავებინა.

"ბუშს ვუთხარი, რომ არ მსურდა ბეჭედი eBay-ზე მენახა. შემდეგ იყო პაუზა და სიტყვები, "ორი ქვეყნის ურთიერთობის ინტერესებშია, რომ ამ ბეჭედმა საჩუქრის სახე მიიღოს"", - ციტირებს რობერტ კრაფტს New York Post-ი.

ბეჭდის ინციდენტს კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

"მისტერ კრაფტი უცნაურ რამეს ამბობს. მე 20 სანტიმეტრში ვიდექი იმ ადგილიდან, სადაც კრაფტი და პუტინი იდგნენ და დავინახე, როგორ აჩუქა კრაფტმა პუტინს ბეჭედი".

ბეჭედი, რომელიც ამჟამად კრემლის ბიბლიოთეკაში ინახება, საკმაოდ ძვირად ფასობს. მაგალითად, 1991 წლის სუპერ ბოულის ბეჭედი ლეგენდარულმა ლოურენს ტეილორმა გასულ წელს აუქციონზე 230, 000$-ზე მეტად გაყიდა.

 

 

კომენტარები