ლგბტ უფლებები

იდენტობა ბესელიასთვის წერილების გაგზავნის მოწოდებას ავრცელებს

ლგბტ დროშა

ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა განცხადებას ავრცელებს, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ამავე კომიტეტის მიერ მიღებულ დასკვნას ეხმაურება. ორგანიზაცია პეტიციაზე ხელმომწერ პირებს, რომელთაც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოსთხოვეს, მოუწოდებს ჩვეულებრივი ფოსტის მეშვეობით ბესელიას წერილები სათითაოდ მისწერონ. 

"იდენტობა" მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც ხელი მოაწერეთ ამ განცხადებას, ფოსტის მეშვეობით მისწეროთ ეკა ბესელიას მოკლე წერილი, ტექსტით:

"მე მოვაწერე ხელი ამ განცხადებას" და მიუთითოთ ეს ბმული http://sazogadoeba.com/
ეკა ბესელიას მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600, აბაშიძის ქ. 26, საქართველოს პარლამენტი", - ნათქვამია იდენტობის განცხადებაში.

"საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ 17 მაისის საშინელებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ყველას დაგვცინა. იმის მაგივრად, რომ მომხდარი დანაშაულების გამოძიება ეთხოვა, ხელმოწერების გაყალბებაზე იწყებს შავ პიარს. ეს არის პარლამენტის დაცინვა, კონსტიტუციის და ადამიანების დაცინვა. შოკისმომგვრელია ბესელიას ქმედება და არღვევს ყველა ეთიკურ და პოლიტიკურ სტანდარტს. ამიტომ, ყველა ადამიანს ვთხოვთ, კიდევ ერთხელ არ დაიზაროს და ჩვეულებრივი ფოსტით მისწეროს მას წერილი", - აცხადებს ტაბულასთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი ვაჭარაძე. 

შეგახსენებთ, 17 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ "კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას". ამასთან, მან ეჭვქვეშ დააყენა ხელმოწერების სინამდვილე, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა

 

კომენტარები