უკანონო ჩანაწერები

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 23 ივნისს განადგურდება

RFE/RL

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები 23 ივნისს, 15:00 საათზე, მედიის თანდასწრებით განადგურდება. შს სამინისტროში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა უკვე დასრულდა. კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ეკა გიგაური, ლაშა ტუღუში და კახი კახიშვილი მონაწილეობდნენ. 

ჟურნალისტებთან საუბრისას სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 54 კომპაქტდისკზეა განთავსებული და 12 800-ზე მეტ ფაილს შეადგენს. მისივე თქმით, ფირებზე ასევე ასახულია პოლიტიკური პარტიების ოფისებში მიმდინარე პროცესები, ლიდერების საუბრები, მედიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების საუბრები. 

პოლიტიკური და სხვა ტიპის ვიდეომასალების განადგურების შესახებ კომისია ხვალ იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს კახი კახიშვილმა განუცხადა, ის კვლავაც რჩება იმ აზრზე, რომ პოლიტიკური პროცესების, პარტიების და მათი ლიდერების შესახებ ვიდეოჩანაწერები არ უნდა განადგურდეს. მისი თქმით, საჭიროა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რათა დასავლეთმა ნახოს რასთან ჰქონდათ საქმე ყოფილი ხელისუფლების დროს. 

"კონგრესმენები რომ ნახავენ, როგორი დემოკრატიის შუქურასთან ჰქონდათ საქმე, ასეთი განცხადებები ნაკლებად იქნება ყოფილი ხელისუფლების მიმართ", - აღნიშნა კახიშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე საჭიროა კონსულტაციები პარტიებთან და მათ ლიდერებთან, რათა მათ იცოდნენ, რა ჩანაწერები კეთდებოდა ოპონენტების მიმართ.

 

კომენტარები