ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტიშკევიჩის გაწვევა ხელისუფლების უპრინციპობის შედეგია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM ხელმძღვანელის, პოლონელი გენერლის ანდჟეი ტიშკევიჩის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

"ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს უცნაურია, რომ გენერალი ვადაზე ადრე იქნა გაწვეული მისიიდან. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ მოხდებოდა, რომ არა დღევანდელი მთავრობის უპრინციპობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

2012 წლის აპრილში სოხუმის მთავრობამ ანჯეი ტიშკევიჩს უნდობლობა გამოუცხადა და მას აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა, რის გამოც გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები ჩაიშალა. სოხუმმა ეს გადაწყვეტილება ტიშკევიჩის მხრიდან გამოხატული "უპატივცემულობით" და "კონფრონტაციული პოზიციით" ახსნა. სოხუმის რეჟიმის აღშფოთება მაშინ იმანაც გამოიწვია, რომ ტიშკევიჩს "ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა" საქართველოს ტერიტორიაზე "არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების" შექმნა, რის შესახებაც, სოხუმის განცხადებით, "რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა". სოხუმის მოთხოვნები მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ფაქტობრივად გაიზიარა.

ტიშკევიშის გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მთავრობას მოუწოდა, პრინციპული პოზიცია დაიკავოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრინციპულობა იქონიოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოკუპაციის დასრულების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მომდევნო ხელმძღვანელი, გენერალ ტიშკევიჩის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი იქნება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები