შსს

ღარიბაშვილი: დაკავებულია პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან იარაღისა და ნარკოტიკის სამალავის არსებობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ სამარხი, რომლიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეულის სრული შეიარაღება, იარაღით და ნარკოტიკებით სავსე რვა კასრი. ასევე ვნახეთ დასაჭერი ხალხი სია და რამდენიმე ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია საშინელი კადრები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი ვიდეო, სადაც ასახულია ადამიანების წამება, დამამცირებელი მოპყრობა და გაუპატიურება.

ამის შემდეგ დავიწყეთ გამოძიება და დავადგინეთ ის ორი პირი, რომელიც იყო ნაწამები და ამ კადრებში ჩანს. გამოძიების შედეგად ჩვენ გუშინ ღამით და დღეს დილით დავაკავეთ ცხრა პირი, საიდანაც ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი არის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და არის ერთი პირი, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს. ყველაფერი დამტკიცდება და დადგინდება გამოძიების შედეგად", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ "ამით, მათ პასუხი გასცეს ყველა იმ უსუსურ ბრალდებას, რაც გუშინ ისმოდა, რომ თითქოს სამალავში იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თვითონ მიიტანეს და თითქოს ეს იარაღი თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შს მინისტრის განმარტებით, აღნიშნული იარაღი არც შინაგან საქეთა და არც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და იყო აღურიცხავი, ე.წ. შავი იარაღი. ღარიბაშვილის განცხადებით, სამარხში იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად გამოძიებისთვის საინტერესო ბევრი სხვა მასალაც აღმოჩნდა. 

"საუბარია მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ არ იყო ნასამართლევი ან ციხეში ნამყოფი, ის უბრალოდ აწამეს, რადგან მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით დააკავეს და ციხეში იჯდა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარების გამო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იყო სისტემური პრობლემა. იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის წინა ხელისუფლების, წინა რეჟიმის პრობლემა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტაებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფერის უკან.

"მინდა, კარგად შევახსენო ყველას, რომ იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. შესაბამისად, უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები