17 მაისის მოვლენები

არასამთავრობოები: ბესელიას დასკვნის პროექტი დისკრიმინაციულია

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 17 მაისის მოვლენების შესახებ მომზადებულ დასკვნის პროექტს ეხმაურებიან.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დასკვნის პროექტი ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც უარყოფითი.

"მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის პროექტში არ არის წარმოდგენილი კომიტეტის საბოლოო და კონკრეტული სამართლებრივი შეფასებები 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, დასკვნაში განვითარებული მსჯელობით კომიტეტი გამოხატავს მის მხარდაჭერას კონტრდემონსტრანტებისა და რელიგიური ჯგუფების მოთხოვნის მიმართ 17 მაისს დაგეგმილი აქციის დაუშვებლობის თაობაზე და აღნიშნული შეკრების ჩატარების შეზღუდვას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი მორალისა და დომინანტი რელიგიური რწმენის პატივისცემის მოსაზრებით ამართლებს.  ამგვარი განმარტებებით დასკვნის პროექტის ავტორები არასწორად ახდენენ ფაქტების წარმოჩენას და ამით ცდილობენ  გამართლება მოუძებნონ სახელმწიფოს არაადეკვატურ მოქმედებასა და კონტრდემონსტრანტების მიერ გამოვლენილ აგრესიას, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები განმარტავენ, რომ დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილებს, სამწუხაროდ, "ადამიანის უფლებათა თანამედროვე გაგების შესახებ აბსოლუტურად არასწორი შეხედულება აქვთ". მათივე განმარტებით, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები დამახინჯებულია.

"მიგვაჩნია, რომ დასკვნის პროექტის ტექსტი იმდაგვარადაა შედგენილი, რომ ის იძლევა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის, როგორც ჰომოსექსუალობის პროპაგანდის განმარტების შესაძლებლობას, რაც ერთი მხრივ, არ შეესაბამება 17 მაისს დაგეგმილი აქციის ხასიათს, ამასთან, ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მატარებელია და აკნინებს ლგბტ პირთა უფლებებს. აღნიშნული კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან. ლგბტ პირების მიერ საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის თვითპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა და ამ საკითხის პროპაგანდად შეფასება და მისი უარყოფითი შინაარსით წარმოჩენა კონფლიქტში მოდის ლიბერალურ ღირებულებებთან. მით უფრო, რომ უშუალოდ ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვა ევროპის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში უარყოფითად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოს მიერ და მისი გაუქმება იქნა მოთხოვნილი. ამასთან, არასწორია კომიტეტის განმარტება იმ საკითხის თაობაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი ლგბტ პირების უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით. ამგვარი კონსენსუსის არარსებობა მხოლოდ ერთსქესიან წყვილთა ქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხებს შეეხება (და ამ მიმართებით სახელმწიფოებს შეფასების ფართო ზღვარი რჩებათ) და ის არცერთ შემთხვევაში არ ვრცელდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მიგვაჩნია, რომ დასკვნის პროექტი შეიცავს იმგვარ დებულებებს, რომელიც ფაქტობრივად ამართლებს უმრავლესობის  რელიგიური და მორალური შეხედულებების უპირატესობას უმცირესობასთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგება ტოლერანტობისა და პლურალიზმის პრინციპებს და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.   

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით პოზიციას აღნიშნული დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით და მას განვიხილავთ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საზიანოს. მისი წარმოდგენილი შინაარსით მიღება მიგვაჩნია დაუშვებლად, რადგანაც შეურაცხყოფს როგორც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე წაახალისებს საზოგადოებაში ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოტივებით ძალადობას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეგახსენებთ, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა.

კომენტარები