17 მაისის დასკვნა

რედისონთან საპროტესტო აქცია გაიმართა

0 კომენტარი

სასტუმრო რედისონთან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნის პროექტს აპროსტესტებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომიტეტში გამოთქმული ეჭვი პეტიციაზე ხელმომწერთა ნამდვილობის შესახებ ცინიკურია. მოქალაქეთა ნაწილი სიაში რიგითი ნომრის წარწერებითაა მისული. 

"ჩვენი აქცია მიმართულია იმ ცინიზმის მიმართ, რომელსაც ეკა ბესელია და მისი კომიტეტი ავლენს. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ აქციის მიზანი პროპაგანდა იყო. სიტყვა - პროპაგანდა კონსტიტუციით საერთოდ არ არის განსაზღვრული. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ აქციაზე უფლებადამცველების ნაცვლად მიწვეული ჰყავთ უფლებადამრღვევები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ სასტუმროდან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე გამოვიდა. ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე იმ ადამიანებს, რომლებიც 17 მაისის მოვლენებზე კომიტეტის დასკვნის პროექტს აპროტესტებენ, საშუალება ექნებათ ღიად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.

"მათ ასევე შეუძლიათ, ამ პროექტზე, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოხატონ თავისი აზრი და შენიშვნები. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ჯერ კიდევ პროექტი და დამტკიცებული ვარიანტი არ არის", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა ეკა ბესელიამაც. მისი თქმით, კომიტეტში მომზადებულია დასკვნის სამუშაო ვარიანტი. მისივე თქმით, დასკვნაზე მუშაობა გრძელდება და ამ პროცესში დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შევა. 
"მთლიანობაში ჩვენ ვგმობთ 17 მაისს მომხდარ ძალადობას. ძალადობა არის დანაშაული, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს და ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული. მომხდართან დაკავშირებით საჭიროა რეაგირება, სათანადო გამოძიება და სწორედ ასეთია კომიტეტის რეკომენდაცია", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები