პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება გადაიდო

RFE/RL

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის შემდეგ მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, თუმცა მათ კვირას, 23 ივნისს, აღარ გაანადგურებენ. როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ერთი კვირის თავზე კომისია ისევ შეიკრიბება და განსაზღვრავს ჩანაწერების განადგურების თარიღს. მანამდე კი დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კვლავ გაიმართება კონსულტაციები.

კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განმარტა, რომ დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დაგეგმილ მორიგ შეხვედრებზე ვიდეომასალას აღარ აჩვენებენ. კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, კახი კახიშვილმა აღნიშნა, რომ შს სამინისტროში უკანონოდ გადაღებული 12 888 ფაილი ინახება და მათში პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრებაა ასახული.

კომენტარები