17 მაისი მოვლენები

მარგველაშვილი: ლევან ვასაძესთან მეგობრობის გაგრძელება სირთულე არ არის

facebook.com/mes.gov.ge

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემას არ წარმოადგენს საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა ლევან ვასაძესთან ერთად, რომელმაც 17 მაისის მოვლენების შეფასებისას, სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობას დაუჭირა მხარი.

როგორც განათლების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატმა 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "სხვადასხვა შეხედულებების გამო" მეგობრების დაკარგვა საზოგადოებას დააზიანებს.

"შესაძლებელია, ჩვენ ყველანი ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც განსხვავებული აქცენტები გვაქვს, სადაც, შესაძლოა, განსხვავებულად ვხედავთ სხვადასხვა მოვლენებს, მაგრამ ეს არ ქმნის კონფლიქტს ჩვენ შორის.

17 მაისზე პოზიცია დავაფიქსირე არაერთხელ: არსებობს ღირებულებები, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს - ყველა ღირებულება პატივსაცემია, მაგრამ თუ იქნება ძალადობა, სახელმწიფო ვალდებულია, რომ აღკვეთოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ძალადობაზე. მაგრამ ჩემთვის ეს არ უქმნის სირთულეს არც ლევანთან ბავშვობის მეგობრობის გაგრძელებას და არც სხვა ადამიანებთან, რომლებიც მის ღირებულებებს, შესაძლებელია, უპირისპირდებიან. ამას უნდა შევეჩვიოთ - თუ ჩვენ დავკარგავთ მეგობრებს, იმიტომ, რომ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, კიდევ უფრო დავაზიანებთ საზოგადოებას", - ამბობს მარგველაშვილი.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ლევან ვასაძის განცხადებები მხოლოდ "განსხვავებული აქცენტები" იყო, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სხვის შეხედულებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
"მჯერა, რომ საქართველოში ყველა შეხედულებას, როგორც ტრადიციულს, ასევე შესაძლოა ცოტა განსხვავებულს ტრადიციულისგან, ასევე რადიკალურად განსხვავებულს, აქვს არსებობის უფლება მანამ, სანამ არ განხორციელდება ძალადობა", - აცხადებს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძე მონაწილეობდა 17 მაისს გამართულ კონტრაქციაში, როდესაც ადამიანთა ჯგუფმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია. „ჩვენ ვართ ქალაქის მკვიდრნი, სადაც 100 ათასმა მოწამემ თავი გაწირა სარწმუნოების დაცვისთვის  და ამ წმინდა ქალაქში გარყვნილების აღლუმი არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი ტრადიციების და გრძნობების. ერმა გამოხატა თავისი ნება,“ - ამბობდა ვასაძე 17 მაისს.

შემდგომში, მომხდარის შეფასებისას, ვასაძემ განაცხადა, რომ "ქვეყანები, სადაც მამაკაცები და ქალები ერთმანეთს აღოღდებიან და ეს არ ითვლება სირცხვილად, ცხოველთა ფერმაა". მისივე თქმით, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს "გარყვნილების პროპაგანდა" ხდებოდა და ეს ქვეყნისთვის "დამანგრეველი იდეოლოგიაა".

განათლების მინისტრი ლევან ვასაძესთან ერთად სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას 21 ივნისს ეწვია.

 

კომენტარები