ოზურგეთის საკრებულო

ქართული ოცნების კანდიდატი: უშიშროების სამსახური დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა

ოზურგეთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დეპუტატებმა ხელმძღვანელად ნაციონალური მოძრაობიდან სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სურგულაძე აირჩიეს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ავთო სურგულაძემ 20 ხმა მიიღო, ხოლო კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატის დიმიტრი კვერღელიძის სასარგებლოდ არჩევანი მხოლოდ 8 დეპუტატმა გააკეთა. 7 ხმა გაბათილდა, რადგან ბიულეტენში ორივე კანდიდატი იყო გადახაზული.

თავმჯდომარის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ავთანდილ სურგულაძეს კოალიციის წარმომადგენელი და თავისუფალი დემოკრატების ადგილობრივი ლიდერი დიმიტრი კვერღელიძე დაუპირისპირდა. მისმა მომხრეებმა გამგეობის წინ აქცია გამართეს, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და გამგებლის გადადგომას ითხოვდნენ. კოალიციის კანდიდატის მხარდამჭერების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ავთანდილ სურგულაძის გამარჯვება, ოზურგეთის გამგებლის დამსახურებაა.

"მე დავაყენებ საკითხს, რომ კოტე შარაშენიძე იყოს გარიცხული ქართული ოცნების რიგებიდან. რაც შეეხება საკრებულოს, კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, რომ ეთანამშრომლა ახალ მთავრობასთან, მაგრამ არ ითანამშრომლა. მასიურად ხდებოდა ზეწოლა დეპუტატებზე, რაშიც ჩართული იყო უშიშროების სამსახური. გუშინ საღამოს, უშიშროების სამსახურის მანქანებმა ჩამოიარეს, ჩვენ ყველას სახელები და გვარები ვიცით და აუცილებლად დავაყენებთ ახალი ხელისუფლების წინაშე მათ საკითხს", - განაცხადა დიმიტრი კვერღელიძემ.

ოზურგეთის საკრებულოში ვითარების გასარკვევად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მანანა კობახიძე, გია ცაგარეიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები