არასამთავრობო ორგანიზაცია

საია შსს-ს ვიდეოჩანაწერების ჩვენების შეჩერებისკენ მოუწოდებს

ფარული ჩანაწერების ჩვენება შს სამინისტროში
fb.com/GaribashviliOfficial

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების და მათი ჩვენების შეჩერებისკენ მოუწოდებს. საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, მისთვის გაუგებარია შსს-ს ლოგიკა.

"გამოძიება მიმდინარეობს, ეს კადრები კი წარმოადგენს მტკიცებულებას და არ შეიძლება მისი საჯარო ჩვენება მოეწყოს. "დაინტერესდნენ, მოგვმართეს და ამიტომ ვაჩვენებთ ჩანაწერებსო" - ეს არგუმენტი არაა. საკრებულოს წევრებისთვის ამ კადრების ჩვენება, გამოძიებას ვერანაირ დახმარებას ვერ გაუწევს. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მისი გასაჯაროება არ შეიძლება. თუ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა ადრე, სჯობს, ეს სხვა გზით გაიგოს, მაგალითად, ანალიტიკური დოკუმენტით, რომელსაც, როგორც ვიცით, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. კადრების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღიად ჩვენება არ არის სწორი", - განუცხადა კოჟორიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.

კოჟორიძის თქმით, კადრებიდან პიროვნებების იდენტიფიცირების რისკი არსებობს. საია-ს თავმჯდომარის თქმით, პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კადრების ჩვენებით მათი ღირსება შეილახა, შეუძლიათ შსს-ს უჩივლონ. 

შეგახსენებთ, დღეს შსს-მ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერებს თბილისის საკრებულოს წევრებს აჩვენებს. სამინისტროს ცნობით, მათ შესაბამისი თხოვნით საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მიმართა. ჩვენება დღეს სამ საათზე გაიმართება.

კომენტარები