საქართველო-უკრაინა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საკონსულოების დახურვასთან საქმე არ გვაქვს

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა სამინიტრო ოდესასა და დონეცკში საქართველოს საკონსულოებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ხელაიას განცხადებით, საკონსულო დაწესებულებების დახურვა არ განიხილება და მათ მხოლოდ სტატუსი ეცვლებათ, გენერალური საკონსულოებიდან ჩვეულებრივ საკონსულოებად გადაკეთდებიან:

"დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც შეეხება საგარეო უწყების მიერ საკონსულო დაწესებულებების გაუქმებას. არანაირი საკონსულო დაწესებულებების დახურვასთან საქმე არ გვაქვს... ამაზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან შეთანხმებული ვართ და ეს ორმხრივ ურთიერთობებში არანაირ ცვლილებას არ გამოიწვეს. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საკონსულო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და მოაქალაქეებს საკონსულო მომსახურებების მიღებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ", - განაცხადა გიორგი ხელაიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობაში ვერ ერკვევა:

"რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს უფლება დანიშნოს კონსულები და ამას თურმე წყვეტს პრეზიდენტი, ეს ელემენტარულად კანონმდებლობის უცოდინრობაა. პრეზიდენტს ამის არანაირი უფლება არ აქვს. ეს საგარეო უწყების პრეროგატივაა", – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მიხეილ სააკაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესასა და დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოების სტატუსის გაუქმება გადაწვიტა:

"იმის გამო, რომ რაღაც შიდა ხრიკებია და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა პრეზიდენტის დანიშნული კონსული მოაშოროს, ურთიერთობების დონეს ადაბლებს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან. ასეთი რამე არც წამიკითხავს და არც გამიგია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ანტისახლემწიფოებრივი ქმედება. მე მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის ის სტილი, რომელიც სრულიად მიუღებელია, ქართულ სახელმწიფოებრიობას ასუსტებს და არასწორია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ პიროვნული ქიშპის გამო ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას," - აღნიშნა სააკაშვილმა.

დღესვე განცხადება გააკეთეს პრეზიდენტის ადმინისტერაციაში. პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო:

"მოგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება დონეცკსა და ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოებისთვის კლასის შეცვლის, მათი რიგით საკონსულოებად გადაკეთების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ გენერალურ კონსულებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას საკადრო თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაემართა, ყოველგვარი შეთანხმების, უფრო მეტიც, ყოველგვარი ინფორმირების გარეშე (ამის შესახებ არაფერი იცოდნენ თავად კონსულებმაც) მიმართეს უკრაინას ამ საკონსულოებისთვის კლასის დაქვეითების მოთხოვნის ნოტით", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები