საქართველო - NATO

რასმუსენი: ISAF-ის მისიაში მონაწილეობა NATO-ს წევრობის ბილეთი არაა

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გაფართოების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ალიანსის წევრობის ბილეთი არ არის და საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

„პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ISAF-ის მისიაში. მწუხარება მინდა გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. იმის თქმაც მინდა, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა არ არის წევრობის ბილეთი. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ალიანსის წევრი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. საჭიროა ფუნდამენტური რეფორმებიც, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. საქართველო ამ პროცესს აგრძელებს და ჩვენ ვაფასებთ მის წარმატებებს ამ გზაზე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა NATO-ს შემდგომი გაფართოების კონკურეტულ თარიღებზე საუბარი", - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო მოხარულია, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში წინა მთავრობის ღირებულებებს იზიარებს:

"გრძელდება საქართველოს პოლიტიკა ნატოსთან მიმართებაში. ახალი მთავრობა იზიარებს წინა მთავრობის ღირებულებებს. მიუხედავად გამოწვევისა, ჩვენ ვხედავთ კოჰაბიტაციას და ეს, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური კულტურის ნაწილია", - ამბობს ალიანსის გენერალურმა მდივანი.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში 26-27 ივნისს გაიმართება. დელეგაციას, რომელშიც NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებიც იქნებიან, ალიანსის გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები