საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე: საქართველოს არც ერთი წარმომადგენლობა არ დახურულა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სამინისტრო უკრაინაში, ოდესასა და დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოების რანგის დადაბლებას გეგმავს.

 "ჩვენ გვაქვს გარკვეული ბიუჯეტი, რომელიც უნდა მოვარგოთ ჩვენს მოთხოვნილებებს. უკრაინაში, ჯამში, მუშაობს 13 დიპლომატი, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა. საერთოდ, 61 წარმომადგენლობა სოლიდური რაოდენობაა. ჩვენ ფაქტიურად მთელ მსოფლიოს ვფარავთ. არაფერი ტრაგიკული ამაში არ ხდება. ჩვენ გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს ჩვენი წარმომადგენლობების სტრუქტურაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით, თუ წინა ხელისუფლების დროს, გერმანიაში, ფრანკფურტში დაგეგმილი იყო საკონსულოს გახსნა, გადაწყდა, რომ მომავალში იქ გენერალური საკონსულო გაიხსნება.

"ანუ, იმ წარმომადგენლობის რანგი ავწიეთ, რომელსაც ვხსნით ფრანკფურტში. ამ ფონზე, შეიძლება, ზოგიერთი წარმომადგენლობის რანგის დაწევა მოგვიწიოს. ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. არც ერთი წარმომადგენლობა საქართველოსი არ დახურულა და ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ატარებს", - ამბობს მაია ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, სამინისტრო წელს ახალი საელჩოების გახსნასაც გეგმავს. შესაბამისად, ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობა იზრდება და არ მცირდება - დასძენს ფანჯიკიძე. მინისტრი პრეზიდენტს შენიშვნას კიდევ ერთ საკითხზე აძლევს:

"გენერალურ კონსულს ნიშნავს და ათავისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრი და არა პრეზიდენტი, როგორც ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა თუ მისმა პრესსპიკერმა", - ამბობს ფანჯიკიძე.

 გუშინ, 25 ივნისს პრეზიდენტი საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობებს შეეხო. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესასა და დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოების სტატუსის გაუქმება გადაწყვიტა.

"იმის გამო, რომ რაღაც შიდა ხრიკებია და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა პრეზიდენტის დანიშნული კონსული მოაშოროს, ურთიერთობების დონეს ადაბლებს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან. ასეთი რამე არც წამიკითხავს და არც გამიგია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის ის სტილი, რომელიც სრულიად მიუღებელია, ქართულ სახელმწიფოებრიობას ასუსტებს და არასწორია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ პიროვნული ქიშპის გამო ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები