წასვლა, არწასვლა, საკითხავი, აი, ეს არის

წასვლა, არწასვლა, საკითხავი, აი, ეს არის

"როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა", – ასე უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ესტონური მედიის წარმომადგენელს ცოტა ხნის წინ. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ის პოლიტიკაში მოსვლიდანვე საუბრობს. თუმცა ასეთი სიზუსტით, დრო არასოდეს დაუთქვამს. "ალბათ, ბატონი ბიძინა მიიჩნევს, რომ ამით [სააკაშვილის წასვლით] მისი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მოიხადა", – განგვიმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ მოგვიანებით.

ხელისუფლებიდან წასვლაში ივანიშვილი ძალაუფლების დაკარგვას სულაც არ გულისხმობს. როგორც თავად ამტკიცებს, ის უფრო რთულ და ყოვლისმომცველ ამოცანას უნდა შეეჭიდოს და მთელი საზოგადოება განავითაროს – "მთავრობა, მისი შტოები, პარლამენტი, სასამართლო, ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილია. საზოგადოების ნაწილი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მარტო მთავრობის – საზოგადოების ამ ერთი ნაწილის განვითარებით ვერ შევძლებთ მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება საზოგადოების განვითარებას მოვახმარო".

პრემიერის ამბიცია, თანამდებობიდან წავიდეს, რათა სრულიად ქართული საზოგადოება განავითაროს, მუამარ კადაფის ასოციაციას ბადებს. ლიბიის დიქტატორმა სახალხო რევოლუციის შედეგად თავის ქვეყანაში პირდაპირი დემოკრატიის სისტემა დანერგა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებდა, თანამდებობის გარეშე, სოციალისტური რევოლუციის ლიდერის სიმბოლური სტატუსით. ასე „ავითარებდა" ლიბიის საზოგადოებას დარჩენილი ცხოვრების – სულ რაღაც, 42 წლის განმავლობაში.

რატომ შეიძლება ივანიშვილს თანამდებობის დატოვება უნდოდეს?

ერთი მიზეზი ისაა, რომ მომხრეების დიდი ნაწილი მილიარდერს მხარს არა კონკრეტული იდეების, არამედ მერკანტილური ინტერესების გამო უჭერს – ზოგს ახალი მაცივარი უნდა, სხვას ბანკის ვალის დაფარვის მოლოდინი აქვს, ვიღაც ქორწინდება, რადგან ყური მოუკრავს, რომ ივანიშვილი გათხოვილ ქალებს სარვამარტოდ ათას ლარს ჰპირდება, სხვები სეტყვას ნატრობენ, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის კომპენსაციით, მერსედესები იყიდონ.

სიზუსტისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის ნაწილი ივანიშვილის გარშემო ნაციონალური მოძრაობის სიძულვილის გამოა დარაზმული, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფაქტორი გახუნდება, მერკანტილური ინტერესები – არა.

ბუნებრივია, ამომრჩევლის მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილება ფული ღირს და შედარებით იოლი იქნებოდა, საქართველოს ბუნებრივი წიაღისეული რომ გააჩნდეს. ამ შემთხვევაში, ივანიშვილს ექნებოდა შანსი, არაკომპეტენტური გუნდის პირობებში ისე ემართა საქართველო, როგორც პოპულისტი უგო ჩავესი მართავდა ნავთობით მდიდარ ვენესუელას, ისიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც ბუნებრივი აირი და არც ალმასის საბადოები.

ბიუჯეტში ფულის მოზიდვის ალტერნატიული გამოსავალი ეკონომიკის განვითარებაა. ჩვენ კი ვხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შეფერხებულია და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 2.4%-ს არ სცდება. იზრდება საბიუჯეტო დეფიციტი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ სტაგნაციამ უფრო დიდხანს გასტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლების უპირველეს მიზეზად ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ბუნდოვანებას და ამის შედეგად დამფრთხალ ინვესტორებს ასახელებენ.

ბუნდოვანი პოლიტიკის მაგალითებად, საერთაშორისო სავალუტო ფონდს შრომის კოდექსთან და ენერგოტარიფების შემცირებასთან დაკავშირებული პერიპეტიები და პრემიერის მიერ დაანონსებული საინვესტიციო ფონდი მოჰყავს. ამას ემატება ახალი მთავრობის მიერ ინიცირებული შეზღუდვები უცხოელებზე მიწის მიყიდვის კუთხით და ადგილობრივი მოსახლეობის გამუდმებული თავდასხმები უცხოელ ფერმერებზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ. ხუხაშვილის პრობლემა – ბიზნესმენებს ერთმანეთში უამრავი ქონებრივი დავა აქვთ, პრივილეგირებულები "სამართალს" პრემიერის ეკონომიკური მრჩევლის კაბინეტში პოულობენ, ნაკლებად პრივილეგირებულნი – სასამართლოში ჩივიან. რევანშიზმი ბიზნესში საკუთრების გადანაწილების შიშებს აღვივებს. მდგომარეობას ამძიმებს ხელისუფლების ინიციატივა სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის კომისიის შექმნის თაობაზე. ბიზნესის კონფისკაციის საფრთხე ბიზნესმენებს, ფულის ხარჯვის ნაცვლად, ფულის შენახვისკენ უბიძგებს.

საქმე ისაა, რომ ივანიშვილი საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების მძევალია – დასაქმებულის ინტერესებს თუ ინვესტიციების ხათრით გვერდზე გადადებს, გია ჟორჟოლიანის მრევლი დარჩება უკმაყოფილო, ქსენოფობიურ ტალღაზე მოსული შიშობს, რომ მისი ამომრჩეველი, ჩინელების და ინდოელების ქართულ მიწაზე „პარპაშს" არ აპატიებს, ენერგოტარიფების განახევრების მოლოდინი თავად შექმნა, იგივე შეიძლება ითქვას საწვავის ფასზეც.

ამას ემატება ისიც, რომ ივანიშვილს ხედვა არ გააჩნია. ის არც სოციალისტია, არც ლიბერტარიანელი, არც ფუნდამენტალისტი, არც კომუნისტი. ამის ერთ-ერთი დასტური ოლიგარქის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ის ხან ამიერკავკასიაში რუსეთის ერთადერთ სამხედრო მოკავშირეს, სომხეთს ასახელებს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ნიმუშად, ხანაც ამბობს, რომ 2014 წელს მაპის მიღება აქვს „მკაცრად გადაწყვეტილი", ხან დასაქმებულის უფლებების დაცვას ისახავს უზენაეს მიზნად, ხანაც დამსაქმებლის უფლებების უგულებელყოფის გამო ბრაზობს, ხან სექსუალური უმცირესობების თანასწორუფლებიანობას ქადაგებს, ხანაც ამ უკანასკნელთა „შეუპოვარ მმუსვრელს", მეუფე იაკობს უმშვენებს გვერდს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენას გადაწყვეტს, ერთი გამოსავალი რჩება – თავისი ფული დახარჯოს და ხარჯავს კიდეც, მაგრამ ეს მოკლევადიანი გამოსავალია. მან კარგად იცის, რომ რაც მეტს დახარჯავს, მეტი მოლოდინი გაჩნდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამომრჩევლის მადა ჭამაში მოდის. უთხრა კიდეც თავის ბიზნესცენტრთან დახმარების სათხოვნელად შეყრილ ქალბატონებს – თქვენ რომ დაგეხმაროთ, რიგი დადგებაო.
საკუთარი ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული მეორე პრობლემა ისიცაა, რომ ამ ფულს ის მთავრობა განკარგავს, სადაც პოსტები ნადავლის სახით ნაწილდება არჩევნებში შეტანილი წვლილის და არა კვალიფიკაციის მიხედვით.

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ მის მიერ ინვესტირებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ან არაეფექტიანად იხარჯება, ანაც კორუფციაში მიდის. ნეპოტიზმს პრემიერი „გაგებით ეკიდება", მაგრამ თავისი ფულის ფლანგვას არავის პატიობს. ამის საილუსტრაციოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კახეთში, სტიქიით დაზარალებულთა ირგვლივ განვითარებული მოვლენები გამოდგება – 20-მდე თანამდებობის პირი კორუფციაშია ბრალდებული.

პრემიერის წასვლის მოტივებზე საუბრისას, მნიშვნელოვანი ფაქტორია შიდა და საერთაშორისო კრიტიკა. პრემიერმინისტრი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და საჯარო პოლიტიკა მისთვის ახალი ხილია. პოლიტიკაში მოსვლამდე სულ ერთი თუ ორი ინტერვიუ აქვს მიცემული. ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებისათვის მხოლოდ ქველმოქმედებით იყო ცნობილი და ფართო უკმაყოფილების საფუძველს ნაკლებად იძლეოდა. შესაბამისად, კრიტიკის ის ნიაღვარი, რომელიც პრემიერის მისამართით ბოლო თვეების მანძილზე წამოვიდა, მისთვის აბსოლუტურად უცხო ვითარებას ქმნის. მის წინა გამოცდილებაში არაფერია ისეთი, რაც ამ ვითარებაზე სწორი პასუხის მოძებნაში დაეხმარება. ივანიშვილი პრინციპულად ვერ ეგუება კრიტიკას – ითხოვს, რომ მისმა ოპონენტებმა „სიმართლე ილაპარაკონ". ვერ აცნობიერებს, რომ დემოკრატია იმის ატანასაც გულისხმობს, რაც ტყუილი გგონია.

ამ მოთხოვნას ის ესტონურ პრესასთან ინტერვიუშიც იმეორებს. ამბობს, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, რომელიც შავად იმას დაინახავს, რაც ივანიშვილს ჰგონია შავი, ხოლო თეთრად იმას ჩათვლის, რასაც ივანიშვილი აღიქვამს თეთრად. ასეთებად მას ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი მიაჩნია. ამავდროულად, არ მალავს, რომ „ოპოზიციის რეზერვი" საკუთარ კოალიციაშიც ჰყავს.

პრემიერის რიტორიკა საქართველოს პარტნიორებს ყურს ჭრის. „ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან. თუ მთავრობის კრიტიკას არ შეწყვეტენ, მათ წინააღმდეგ პროკურატურას იყენებენ. ეს მიუღებელია ევროპული სტანდარტებისთვის", – აფრთხილებს საქართველოს მთავრობას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და ქვეყანაში წინასწარი დაკავებების შემაშფოთებელ მასშტაბზე საუბრობს.

მისი ჩეხი კოლეგა, კარელ შვარცენბერგი, უფრო შორს მიდის და ოპოზიციის დევნის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საკითხს აყენებს ეჭვქვეშ.

საქართველოში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ დევნად აფასებს ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე საუბრობს. შეშფოთებას გამოხატავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებამდე, საქართველოს პასუხის გაცემა ყოფილი მთავრობის წევრების დაკავებაზე მოუწევს. ამავე საკითხზე სერიოზულად შფოთავენ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ თავად ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების პარტნიორი ევროპული პოლიტიკური ძალები.



ფოტო:
Tabula

ჯერჯერობით, პრემიერი ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობას და ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ ლობისტებს აბრალებს, მაგრამ ალბათ იმასაც ხვდება, რომ ეს არგუმენტი, ერთგული მხარდამჭერების თვალშიც კი, მალე ძალას დაკარგავს. ბიუჯეტს დღეს ის თავად განკარგავს, ლობისტებსაც ქირაობს და საკუთარი ფულიც თავზე საყრელად აქვს. თუ საერთაშორისო მხარდაჭერა იყიდება, თვითონ რატომ ვერ ყიდულობს?

ივანიშვილის მთავრობა საერთაშორისო კრიტიკას „სამართლიანობის აღდგენის" აუცილებლობით პასუხობს და თავისი ნაბიჯების გამართლებას, ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი სისასტიკეების დიპლომატებისთვის ჩვენებით ცდილობს. მაგრამ არ ითვალისწინებს, რომ ცივილიზებულ სამყაროში სამართალს სასამართლოში ეძებენ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოდ მოწყობილ კინოთეატრებში და ამას საერთაშორისო საზოგადოება კარგად აცნობიერებს.

თანამდებობიდან წასვლის მოტივაციაზე საუბრისას, შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი გარემოებაა ისიც, რომ ქვეყნის მართვა ივანიშვილის ცხოვრების წესთან სრულიად შეუსაბამოა. პრემიერი საღამოს 10 საათზე იძინებს, დილის 6 საათზე სტაფილოს წვენით იღვიძებს, შემდეგ იოგას ვარჯიშობს. ძილის დაფრთხობა ისეთ ექსტრემალურ ვითარებაშიც არ სურს, როდესაც ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი იღუპება და ცხედრებისთვის პატივის მისაგებად დილის სამ საათზე აეროპორტში უნდა წავიდეს. ვალდებულებების თავიდან აცილებას, ისეთი „დამაჯერებელი" მიზეზებით, როგორიც საიდუმლო რეგიონული შეხვედრებია, ერთხელ და ორჯერ შეძლებს, მეტჯერ – გაუჭირდება.

ჩამოთვლილი ფაქტორები ცხადყოფს, რომ რაც მალე მოიხსნის მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობას ოლიგარქი, მით ნაკლებს დაკარგავს, როგორც ფინანსურად, ისე საზოგადოებრივი მხარდაჭერის მხრივ და უფრო მშვიდად განაგრძობს მოღვაწეობას, გიორგი მარგველაშვილის თქმით, „ბევრად უფრო რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში".

აშკარაა, რომ ყარაბას-ბარაბასის როლის შესასრულებლად საჭირო ძალაუფლებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ პოლიტიკურ ველს ძლიერი აქტორებისგან გაათავისუფლებს და მარტო მარიონეტებს დატოვებს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი მარგველაშვილია, რომელიც, დიდი ალბათობით, საქართველოს პრეზიდენტი გახდება. ამ უკანასკნელს არც გუნდი ჰყავს, არც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, არც პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია. მოკლედ რომ ვთქვათ, მარიონეტის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერი თავის შემცვლელადაც ასეთივე სუსტ ფიგურას მოინდომებს. სავარაუდოდ, ამ სურვილს უკავშირდება უმრავლესობის ინიციატივა პრემიერის ინსტიტუტის დასუსტების შესახებ.

ივანიშვილის ერის წინამძღოლად ფორმირების გზაზე მთავარი დაბრკოლება, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები არიან, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ნიშაც თავისი თოჯინებით შეავსოს. ივანიშვილი არაკომპეტენტურად გულახდილია თავისი ზრახვების შესახებ. თუ არ გაჩუმდებით, დაგიჭერთ – ასეთია მისი საჯარო გზავნილების მოკლე შინაარსი ნაციონალური მოძრაობის მისამართით.

ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები მოვლენებს წინ უსწრებენ და დაკავებული ან „დასაკავებელი" ოპონენტების მისამართით უმძიმეს სამართლებრივ შეფასებებს ისე აკეთებენ, გამოძიება დასრულებულიც არ არის.
ევროპის განსაცვიფრებელი დემოკრატიის მშენებლობის ფარგლებში მკვიდრდება ცალკეული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კოლექტიული პასუხისმგებლობა. ხდება ერთი ან რამდენიმე ადამიანის თვისებების და ქმედებების განზოგადება და პირთა ფართო კატეგორიისთვის იმავეს მიწერა.

მთავრობის მეთაურის მიერ წინასწარ გაკეთებული დასკვნები გამოძიებასა და სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს ატარებს. ასეთი პოლიტიკური წნეხი შეუძლებელს ხდის უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფას. ასეთ ვითარებაში სასამართლოს არა სამართლებრივი, არამედ პროპაგანდისტული დანიშნულება ენიჭება – მან უკვე დადგენილ დანაშაულს უნდა დაარტყას ბეჭედი და მთავრობის მიერ წინასწარ გამოტანილი ვერდიქტი საზოგადოებას გააცნოს, რათა ყველა ერთიანად ჩაერთოს ბრბოს მართლმსაჯულებაში.

საქმე ისაა, რომ პრემიერი რეპრესიების და რევანშის გზას ადვილად ვეღარ გადაუხვევს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დევნას თუ შეწყვეტს და ყოფილი მმართველი ძალა არსებობას გააგრძელებს, ეს მის სისუსტედ იქნება აღქმული და სახეს დაკარგავს. მეორე მხრივ, ლუკაშენკოდაც ვერ იქცევა. შესაძლოა, ნერვები გაიკაჟოს და დასავლეთის კრიტიკის ატანა ისწავლოს, მაგრამ ბოლომდე იგნორირებას ვერ შეძლებს, რადგან მისი კაპიტალი დასავლეთში ინახება. შესაბამისად, ხელისუფლებაში მყოფი ოლიგარქი ვერასოდეს გადავა გარკვეულ წითელ ხაზებს, რომელიც დასავლეთში ტირანის იმიჯს შეუქმნის და მის ფულს დაყადაღების რისკის ქვეშ დააყენებს.

შექმნილი წინააღმდეგობის დაძლევის ერთადერთ გზად მისთვის ამ თამაშიდან რაც შეიძლება ადრე გასვლა რჩება. ამით აიხსნება მისი სულსწრაფობა – ის ჩქარობს ნაციონალური მოძრაობის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „პოლიტიკურ მოუსავლეთში" გასტუმრებას და ამ სიჩქარეში რასაც ყველაზე მეტად გაურბის, ზუსტად იმას იღებს – გასაოცარი დემოკრატის იმიჯის ნაცვლად, ავტოკრატის რეპუტაციას იმკვიდრებს.

ცალკე საკითხია რამდენად შეძლებს ივანიშვილი დასახული გეგმის განხორციელებას, მაგრამ თუ ეს მოხერხდა, ქვეყანა დამატებითი საფრთხეების წინაშე დადგება. ერთია, რომ არაანგარიშვალდებული ლიდერის არსებობა და პოლიტიკური სპექტრის მარიონეტებით შევსება, ისედაც ნაკლოვან დემოკრატიას მიაყენებს დამანგრეველ დარტყმას. ამას გარდა, არაინსტიტუციონალიზებულ ლიდერს შესაძლოა იოლად დაუსხლტეს სიტუაცია ხელიდან, ოპონენტების ლინჩის წესით ჩასაქოლად დაგეშილი ბრბოს მართვა ვეღარ შეძლოს და ქაოსი დამკვიდრდეს. მით უმეტეს, ამის მაგალითი 17 მაისს ივანიშვილის პრემიერობის პირობებშიც ვნახეთ.

კომენტარები