აშშ-ის უზენაესი სასამართლო

DOMA ერთნაირსქესიანი წყვილების თანასწორუფლებიანობას არღვევს

wikipedia.org

BBC-ის ცნობით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფედერალური კანონი, რომელიც ქორწინებას, მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირად განსაზღვრავს.

5 ხმით 4-ის წინააღმდეგ, სასამართლომ განაცხადა, რომ "ქორწინების დაცვის აქტი", რომელიც DOMA-ს სახელწოდებითაცაა ცნობილი, არღვევს ერთნაირსქესიანი წყვილების თანასწორუფლებიანობას. აღნიშნული კანონი კონგრესმა 1996 წელს მიიღო. DOMA ერთსქესიან წყვილებს არ აძლევდა უფლებას, ესარგებლათ ფედერალური საგადასახადო შეღავათებით ან სხვა პრივილეგიებით.

სასამართლომ გადაწყვეტილება არ გამოიტანა კალიფორნიაში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საკითხზე - ე.წ. წინადადება 8. ეს კანონი კალიფორნიაში 2008 წელის ნოემბერში მიიღეს. მანამდე, 2008 წლის დასაწყისში, შტატის უზენაესმა სასამრთლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურად ცნო, შედეგად კი კალიფორნიაში 5 თვეში 18 ათასი ერთნაირსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნებადართულია 12 შტატში და ვაშინგტონში - ფედერალური ოლქი კოლუმბია.  

BBC-ი ასევე იუწყება, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ემხრობა.

 

კომენტარები