NATO-საქართველო

ბოკერია: უკანასკნელი მოვლენები სერიოზული ბარიერია NATO-ს გზაზე

გიგა ბოკერია
tabula.ge

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, პრეზიდენტის რეზიდენციაში NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. ბოკერიას განცხადებით, ის მოვლენები, რაც ბოლო თვეებში საქართველოში ვითარდება, სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

"ჩვენმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებაში თავისუფალ ერთა ოჯახში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან ძლიერია. უდიდესი უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის გამოხატულებაა ძალიან განსხვავებული, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების რიტორიკა და განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ხელისუფლებასა და ჩემს პოლიტიკურ ძალას. როგორც უკვე გითხარით, NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ორგანიზაცია. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რაც საქართველოში ვითარდება ბოლო თვეების განმავლობაში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავება, წინასწარ პატიმრობაში მოქცევა, დღევანდელი მოვლენები, ზოგადად დამოკიდებულება ხელისუფლების, პრემიერმინისტრის, გამოხატული საჯაროდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, მიუღებლობა იმ აზრებისა, რომელიც მას არ მოსწონს - ეს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული ბარიერი ამ გზაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რასმუსენს გიგა ბოკერია და ირაკლი ალასანია ერთად შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა კომენტარი საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობაზე გააკეთა.

"მათ დაუბრუნდათ ძალიან მაღალი რწმენა საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორის მიმართ და ყველამ ერთად აღნიშნა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა ავღანეთში და სხვა ოპერაციებში, რომელშიც საქართველო იღებს მონაწილეობას, იქნება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმსაზღვრელი. რა თქმა უნდა, ეს მონაწილება ასევე იქნება ანგარიშგაწეული საქართველო-NATO-ს ურთიერთობებში წინსვლისთვის. ჩვენ გამოვთქვით ასევე სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ როგორც NATO-ს წევრებმა და არა როგორც კანდიდატებმა, ისე მივიღოთ მონაწილეობა საერთო ოპერაციებში", - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები