თბილისის მერია

მერიის იურიდიული სამსახური: პლასტიკურ ბარათს განაღდების ლიმიტი გააჩნია

Wikipedia
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მერიის მაღალჩინოსნების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მათ აბსურდული უწოდა. აბესაძის თქმით, ვიდეომასალა, რომელიც საზოგადოებას აჩვენეს, არაფრისმთქმელია. ის გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციაზეც საუბრობს.
 
"ვფიქრობდით, რომ ფინანსთა სამინისტრო აღიარებდა მის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს და დაიწყებდა საქმის გამოძიებას. ამის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. მათ გაავრცელეს ბანკომატის ავტომატურ რეჟიმში გადაღებული სრულიად არაფრისმთქმელი კადრები, რომლის მსგავსი შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ ადამიანთან, თუნდაც პენსიონერთან დაკავშირებით, რომელიც კუთვნილ პენსიას ბანკომატიდან, პლასტიკური ბარათის მეშვეობით იღებს. ასევე აბსურდულია საგამოძიებო ორგანოს მტკიცება, თითქოს დღეს უკანონოდ დაკავებულმა თანამდებობის პირებმა პლასტიკური ბარათების მეშვეობით მილიონობით ლარი გამოიტანეს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ პლასტიკურ ბარათს განაღდების ლიმიტი გააჩნია. გავრცელებული კადრების აბსურდულობას, მტკიცებულებების აბსურდულობას და გამოძიების მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის მეთოდად გამოყენებას ადასტურებს საგამოძიებო სამსახურის მოქმედებაც, რომელმაც მათ მიერ გავრცელებული სარწმუნო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყველა უკანონოდ დაკავებული პირი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
 
აბესაძე მიიჩნევს, რომ განურჩევლად იმისა, დღეს დაკავებული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი იყო თუ არა რაიმე დანაშაული, საგამოძიებო ორგანეობის მხრიდან მათი უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას და მათი დაკავებისას კანონის მოთხოვნების უგულებელყოფას არანაირი გამართლება არ აქვს.

 

კომენტარები