რელიგიური თავისუფლება

სამთაწყაროში მუსლიმი სასულიერო პირის მეუღლე სცემეს

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის არსებობის მოწინააღმდეგეები ხოჯა სულიკო ხოზრევანიძის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუსლიმთა სამმართველოს ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ მოხდა. 

„მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარება ხელისშეშლის გარეშე შეძლეს. ლოცვის მიმდინარეობის დროს სამლოცველო სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. როცა ლოცვა დამთავრდა და პოლიცია წავიდა, სოფლის მაცხოვრებლები, ვინც სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის ფუნქციონირების წინააღმდეგია, ხოჯას სახლში მიუცვივდნენ და მის მეუღლეს ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ემუქრებიან დანარჩენ მუსლიმებსაც, რომ სოფელი დატოვონ,“- აცხადებენ მუსლიმთა სამმართველოში. 

სამმართველოში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივი პოლიცია ინფორმირებულია. 

„ამ წუთებში ჩემს სახლთან სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი და პასუხს გვთხოვენ, რატომ ვილოცეთ დღეს სამლოცველოში. როდესაც ჩემი მეუღლე მათთან დასალაპარაკებლად გავიდა, ხელი ჰკრეს, დაარტყეს და დაეცა. ფეხი აქვს დაზიანებული. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან. მე გარეთ არ გავდივარ, რომ კიდევ არ გამწვავდეს სიტუაცია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხოჯა სულიკო ხოზრევანიძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელში კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მოსახლეობის მუსლიმურმა ნაწილმა, რომლებიც აჭარიდან ეკომიგრანტები არიან, თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელში სამლოცველოს აშენების შესახებ. სამმართველომ სამლოცველოს მოსაწყობად სახლი იყიდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა ღვთისმსახურებას ხელს უშლის.

სოფელში ამ დრომდე მუსლიმები და ქრისტიანები კონფლიქტის გარეშე ცხოვრობდნენ. ეს უკვე მესამე სოფელია საქართველოში, სადაც არჩევნების შემდეგ მუსლიმებს ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის ლოცვის აღსრულებაში. აქამდე ანალოგიური პრობლემები ქრისტიანული მოსახლეობის მხრიდან, სოფელ ნიგვზიანისა და წინწყაროს მუსლიმურ მოსახლეობას ჰქონდა.

კომენტარები