დაკავებები

ზურაბიშვილი: ამ ეტაპზე დაჭერაზე მნიშვნელოვანი დაკავების ფორმაა

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი გაზეთ ვერსიასთან საუბარში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავების ფორმას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, დაკავების ფორმა აბსოლუტურად უაზრო იყო, რამაც საქმე გააფუჭა და მერიის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაფარა. "ამ ეტაპზე ჩვენთვის დაჭერაზე მნიშვნელოვანი დაკავების ფორმაა და თუ ვიფიქრებთ, რომ მთავარი ვიღაცის დაკავებაა და კანონის ნორმების დაცვა მეორეხარისხოვანია, მერწმუნეთ, მალე ნაციონალური მოძრაობის გზას დავადგებით, ამიტომ აუცილებელია, დაისაჯოს ის, ვინც ეს გააკეთა", - აცხადებს ზურაბიშვილი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თქმით, მისი კითხვები და პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისკენაა მიმართული: "დაუშვებელია, ხელისუფლებისა და საგამოძიებო სამსახურის პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდეს. იმ ტიპის ქვეყანა არ ვართ, რომ თავს უფლება მივცეთ, NATO-ს დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, მსგავსი სკანდალი ავაგოროთ, მით უმეტეს, სწორედ იმ დროს, როცა რასმუსენი პოლიტიკური კოჰაბიტაციის აუცილებლობასა და პოლიტიკური დაკავების პრევენციაზე საუბრობდა".

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ის არ მოეწონა, რომ დანაშაულის მტკიცებულებად ბანკომატიდან ფულის მოხსნის პროცესი აჩვენეს. "ეს იდიოტიზმზე მეტია. ბანკომატიდან მეც ვიღებ ხოლმე ხელფასს, მაგრამ ამის გამო დამნაშავედ უნდა გამომაცხადო? საერთოდ, რას გვიჩვენებ ამ კადრებს, ნაციონალური მოძრაობა ხარ?" - აცხადებს ის.

კომენტარები