ჟენევის მოლაპარაკებები

ზალკანიანის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების გასულ რაუნდზე, "სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან" ფორმატის შეცვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც ორკესტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.

"ეს მცდელობები მიზნად ისახავს უკვე შეთანხმებული ფორმატის ცვლილებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა ამაზე სოხუმის, ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებს ეკისრებათ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი დელეგაცია იყო უაღრესად კონსტრუქციული. ვიყავით მზად, განგვეხილა ყველა საკითხი, რომელიც ჟენევის ფორმატის მიერ იფარება", - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკანიანი აცხადებს, რომ "სოხუმი-ცხინვალი-რუსეთის" დესტრუქციული ქმედებების გამო ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა რუსულ მხარეს მითითება მისცეს, რისთვისაც ზალკანიანი მათ მადლობას უხდის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღის მეორე ნახევარში მოლაპარაკებები შეწყდა, ქართულმა მხარემ შეძლო საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებისა და სხვა აქტუალური საკითხების დაყენება. 15-16 ოქტომბერს ჩანიშნულ მომდევნო რაუნდამდე თანათავმჯდომარეებთან მოლაპარაკებები გაიმართება. რის შემდეგაც ზალკანიანი იმედს იტოვებს, რომ თანათავმჯდომარეები შეძლებენ სხვა მონაწილეთა დარწმუნებასაც, მიიღონ მონაწილეობა ახალ რაუნდში.

 

კომენტარები