წამების ამსახველი ვიდეოკადრები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დახურული ვიდეოჩვენება გაიმართა

შსს

დღეს, 1 ივლისს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება გაიმართა.

"ჩემთვის ეს არის სისტემური დანაშაული. როდესაც ვეცნობოდით წამების მეთოდოლოგიას, აშკარად ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, შესაძლოა, დატრენინგებული წამების მთელი სისტემა ჩამოყალიბებული, რომელსაც იყენებდნენ ადამიანების დაშინებისთვის. ეს არის საგანგაშო! ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამის რაც შეიძლება სწრაფად გამოძიება", - განაცხადა ვიდეომასალის ნახვის შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩვენების დაწყებამდე ოთხმა დეპუტატმა - მანანა კობახიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გედევან ფოფხაძემ და ფატი ხალვაშმა სხდომა დატოვეს.

"მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს ვნახო, იმიტომ, რომ რაც არის აქ წარმოდგენილი, ამის შესახებ ჩემთვის პატიმრებს აქვთ მოყოლილი, როდესაც მე მათ ციხეში ადვოკატის სტატუსით ვხვდებოდი. მსხვერპლებისგან მაქვს ეს ინფორმაცია და ამას ვიდეოკადრებში ვნახავ თუ არ ვნახავ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კი ჩვენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ უნახავს".

"ბოლომდე ვერ ვუყურეთ, რაღაც ნაწილი ვნახეთ. ამის გადმოცემა ემოციით შეუძლებელია. ეს არის არაადამიანური. არ ვიცი, როგორ შეიძლება ახსნა ან გაამართლო მსგავსი საზიზღრობა, რაც ხდებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ხდებოდა ოფიციალურ სტრუქტურებში, პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით და მონაწილეობით, ამის ახსნა როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე მე არ მინახავს", - განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი დღეს, 1 ივლისს, გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე ვიდეოფირების ჩვენების საკითხს და აღნიშნა, რომ "მხეცური დანაშაულის" ამსახველი კადრების ჩვენება ემსახურება არა საქმის არსში, საგამოძიებო დეტალებში გარკვევას და ბრალეულობის მასშტაბების განსაზღვრას, არამედ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრების საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას.

"ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით კადრებზე აღბეჭდილ დანაშაულის ჩამდენებსა და ამ დანაშაულთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტს, რა თანამდებობის მატარებელიც არ უნდა იყოს, ან ყოფილიყო წარსულში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არანაირი ინფორმაცია ამ დანაშაულის ჩადენის შესახებ არ გაგვაჩნდა და ვაღიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს, მსგავსი რამ შეიძლებოდა ჩაედინა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ხოლო იმისთვის, რომ დეტალურად გაირკვეს თუ სადამდე შეიძლება მიდიოდეს ამ დანაშაულის კვალი, ვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირებულობისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციების გარეშე განსაზღვრავს იმ საკითხთა და დეტალთა ჩამონათვალს, რომლის ობიექტური და მიუკერძოებელი განსჯა დაეხმარება დანაშაულის გამოძიებას", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი  ვიდეომასალის გარდა, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შსს-მ თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომასალის გამოძიებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

"გამოძიებას საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს ჩატარებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა აშკარაა, რომ ეს ვიდეომასალა არ გავრცელებულა თალიბანის მიერ და ვიდეოში არსებული საფრთხე უსაფუძვლოა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. 

კომენტარები