საპრეზიდენტო არჩევნები

უსუფაშვილი საარჩევნო თარიღის გამო საქართველოში ადრე დაბრუნდება

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუდაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლით გაუგებრობის შექმნა უკვე მოახერხა. მისი თქმით, მომხდარის გამო მას შეიძლება სტამბოლიდან საქართველოში ადრე დაბრუნება მოუწიოს.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა უკვე მოახერხა გარკვეული გაუგებრობების შექმნა. ჯერ არჩევნების ერთი თარიღი გამოცხადდა, რომელიც, როგორც ჩანს, მართლა ეწერა ქაღალდზე. შემდეგ ეს შეიცვალა. აქ არის გარკვეული საკითხები და ნიუანსები. სწორედ ამის გამო, მე შეიძლება ერთი დღით ადრე დავბრუნდე საქართველოში და ამ საკითხებსაც მივხედოთ. არჩევნები სახელმწიფო მოვლენაა, რომელიც ჩვენი ჩასატარებელია - მთავრობის, პარლამენტის, ყველასი, ვინც ხელისუფლებაში ვართ. ამ სრულიად სამარცხვინო მოვლენების მიუხედავად, რაც არჩევნების თარიღის დასახელებას უკავშირდებოდა, ახლაც ეს გაუგებრობებია და ამას მალე უნდა დაესვას წერტილი. საარჩევნო კამპანია მშვიდად და წყნარად უნდა წარიმართოს - ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს ასეთ ვითარებში კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ჯერ 27 ოქტომბერი, შემდეგ კი 31 ოქტომბერი გამოაცხადა. 

თარიღის ცვლილებამ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, რადგან საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთ მუხლში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაუგებრობაა. საარჩევნო კოდექსის მეექვსე მუხლში ვკითხულობთ: "მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა". იურისტთა გარკვეული ნაწილის მტკიცებით, კანონი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კვირას უნდა ჩატარდეს. 

ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის განსაზღვრებით, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა თუ რომელ დღეს ჩატარდება არჩევნები და კანონი ამასთან დაკავშირებით შეზღუდვას არ აწესებს. კახა კახიშვილი მოუწოდებს არასამთავრობოებს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანონ, რადგან თუ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა უკანონოდ მოხდა, მთლიანი პროცესი უკანონო იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს და ის შეიძლება 31 ოქტომბერს ჩატარდეს. ლომჯარიას განმარტებით, კანონის ეს მუხლი იმ დროიდან არის დარჩენილი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დღე კონსტიტუციით იყო განსაზღვრული. 

 

კომენტარები