ევროპა ლიგა

სლოვაკური ჟილინას მწვრთნელი ტორპედოს წინააღმდეგ გამარჯვებას გეგმავს

სლოვაკეთის ჟილინა
fctorpedo.ge

4 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ერთმანეთს ტორპედო ქუთაისი და სლოვაკური ჟილინა დაუპირისპირდებიან. დღეს, სლოვაკებმა ქუთაისში მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

"ტორპედოს ორი სპარინგი ვნახეთ ავსტრიაში, გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სლოვაკური გუნდებისგან, რომლებსაც ქართულ ფეხბურთთან ოდესმე რაიმე შეხება ჰქონიათ. ქუთაისს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც ესპანელი მწვრთნელის თავკაცობით ცდილობს კომბინაციური თამაში აჩვენოს, რასაც ჩვენ კონტრშეტევებს დავუპირისპირებთ. ძალიან მომეწონა თქვენი სტადიონი და მოედანიც. ჩემი ფეხბურთელები 100 პროცენტით მზად არიან ხვალინდელი მატჩისთვის. შანსებს რაც შეეხება, პროცენტულად გამიჭირდება შეფასება. იმედი მაქვს, რომ სანახაობრივი თამაში შედგება, რომლის ხილვით მაყურებელი სიამოვნებას მიიღებს. ჟილინას მწვრთნელის რანგში ეს ჩემთვის პირველი მატჩი იქნება ევროთასზე და ამიტომ, მოგებას ვაპირებთ", - განაცხადა ჟილინას მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ.

ტორპედოს ვებგვერდის ცნობით, ხვალინდელ შეხვედრაში ჟილინას 3 ტრავმირებული ფეხბურთელი: რიკარდო ნუნეში, რომან გერგელი და მიხალ მრავეცი დააკლდება.

მატჩი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

კომენტარები