პრეზიდენტის განცხადება

პრეზიდენტი: ხელები შორს რუსთავი 2-ისგან

Georgia's President Saakashvili addresses the audience at the historical quarter of Tbilisi
? David Mdzinarishvili / REUTERS

 საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პრემიერ ივანიშვილს, შეწყვიტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელსაც პროკურატურა ტელეკომპანიის მესაკუთრეთა საკითხზე აწარმოებს. "ხელები შორს რუსთავი 2-ისგან" - ეს განცხადება სააკაშვილმა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ გააკეთა. 

"მინდა მოვუწოდო პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გამოძიება. ძალიან ბევრი რაღაც დაბრუნდა შევარდნაძის დროიდან დღევანდელ საქართველოში. რუსთავი 2-ზე თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე პერიოდი შევარდნაძის მმართველობის. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ამ თემაზე და უამრავი ადამიანის დაკითხვა ხორციელდებოდა ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში. მე ეს ზედმიწევნით კარგად ვიცი, ეს არის ძალიან საშიში პროცესი. ჩემი ინფორმაციით, რომელიც, ვფიქრობ, რომ დღეს პრაქტიკულად თავისით დაადასტურა პრემიერმა, ეს პროცესი მივა დასასრულამდე და რუსთავი 2-ში სამართალდამცავების უხეშ ჩარევამდე. კარგად ვიცი პრემიერის ლოგიკა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ ერევა - ცოტა ხანში ადამიანებს აპატიმრებენ.

"მინდა გავაფრთხილო პრემიერი, ხელები შორს ყველას რუსთავი 2-დან. იმიტომ, რომ ეს საქართველოში არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ათწლეულების მონაპოვარია და ასევე ეს არის კავშირში არჩევნებთან. არჩევნები ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ყველას აქვს ინფორმაციაზე წვდომა, თუ ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები და ქვეყანაში არის თავისუფალი გარემო. ეს საკითხები უნდა იყოს მთელი საზოგადოების ზრუნვის წყარო", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების საქმეში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელეკომპანიის 60%-ისთვის ჩივიან, რომელსაც თავიანთ კანონიერ საკუთრებად მიიჩნევენ. "როგორც ვიცი, გამოძიება მიდის. ვიცი, რომ მათ გარდა, ქიბარ ხალვაშსაც აქვს პრეტენზია", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები